სტატიები

ერთი სოფლის პრობლემები – რა სირთულეები აქვს ციცაგიანთკარს 

გაუმართავი სარწყავი სისტემა, გასხვისებული საძოვრები და სტიქიური ნაგავსაყრელი, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურად ციცაგიანთკარში მცხოვრებ მოსახლეობას უწევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც ამ სოფლებში ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ – ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ციცაგიანთკარში მიმდინარე წლის 26 ივლისს იმყოფებოდნენ.

” სოფელ ციცაიანთკარში ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის მიღების მთავარ წყაროს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მოსახლეობას ორივე მიმართულებით სერიოზული პრობლემები ექმნება. სრულფასოვან მიწათმოქმედებას ხელს უშლის გაუმართავი სარწყავი სისტემები. სოფლის ნაწილს მიეწოდება სარწყავი წყალი, ნაწილს კი – არა. ეს პრობლემა გამოწვეულია სარწყავი წყლის ე.წ. გამანაწილებლის გაუმართაობით”, – ნათქვამია ანგარიშში.

მოსახლეობა ჩივის, რომ მოსავალი სარწყავი წყლის პრობლემის გამო უხმებათ და აღებას ვერ ახერხებენ.

“პირდაპირ მეტირება ხოლმე, როცა ვუყურებ ჩემს ნარგავ-ნათესებს. გასახმობად მენანება“, – აღნიშნა ციცაგიანთკარში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

რაც შეეხება მეცხოველეობას, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიწის ნაკვეთები, რომლებსაც იყენებდნენ საძოვრად, მათთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გასხვისდა კერძო პირზე. მოსახლეობას არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ამ მიწების პრივატიზება.

კერძო მესაკუთრემ აღნიშნული ნაკვეთი შემოღობა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდა ამ მიწით სარგებლობის შესაძლებლობა.

“რით ვირჩინოთ თავი?!.. მიწაა და ვერ ვამუშავებთ იმის შიშით, რომ ნარგავ-ნათესებს ვერ მოვრწყავთ და გაგვიხმება. მეცხოველეობაა და საძოვრები, ფაქტობრივად, აღარ დაგვრჩა. ერთი მხრივ, ეს მცოცავი ოკუპაცია და მეორე მხრივ, გაყიდული და გასხვისებული მიწები. სოფელი სულს ღაფავს, პატრონი კი არსაიდან არ ჩანს“, – განუცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემაა არასაკმარისი და ამორტიზებული ნაგვის ურნები. სოფლის შესასვლელში მოწყობილია სტიქიური ნაგავსაყრელი.

სოფელში ასევე პრობლემას წარმოადგენს ადეკვატურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, სოფელში მიმდინარე წლის ზამთარში დაიდგა კოტეჯი, მასში ამბულატორიის განთავსების მიზნით. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილზე ნახეს, რომ 2022 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, კოტეჯი ჯერ კიდევ უფუნქციო იყო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სოფელში ბევრი ხანდაზმული მოსახლე ცხოვრობს. შესაბამისად, ამბულატორიის ამუშავება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამბულატორია ციცაგაანთკარში ექთნების გარეშე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.