ადამიანები ისტორიები

სამი შვილის დედა, რომელიც ტანსაცმელს ქმნის – ხათუნა მჭედლიშვილის კოლექციის ამბავი

ხათუნა მჭედლიშვილს სამი შვილი ჰყავს. ის ხაშურში ცხოვრობს და ტანსაცმელს ქსოვს. ხათუნამ ქსოვა დედისგან და მამიდისგან ისწავლა. ამბობს, რომ ეს ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარს და როგორც კი შვილები წამოზარდა, საქმესაც უფრო სერიოზულად მოეკიდა. ის დღეს უკვე შეკვეთებს იღებს და ყიდის.

“7 წლისამ თოჯინას მოვქსოვე სვიტრი და ზედ ჭიამაია ამოვქარგე, ისეთი ლამაზი იყო … დაოჯახების მერე, უკვე შვილებისთვის დავიწყე ტანსაცმლის მოქსოვა. სულ განსხვავებული ტანსაცმელი ეცვათ ხოლმე და მოწონდათ, რომ ხედავდნენ. როდესაც ბავშვები მოიზარდნენ და დროც გამომიჩნდა, გადავწყვიტე, საყვარელი ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ მექცია”, – ამბობს ხათუნა.

ხათუნა ამბობს, რომ მისი ნამუშევრები განსაკუთრებით შემოდგომის და გაზაფხულის სეზონებზეა მოთხოვნადი. ძირითადად ქსოვს ჟაკეტებს, სვიტრებს, ქუდებს და კაშნებს.

“ვქსოვ ჟაეტებს სხვადასხვა გაფორმებებით, ორნამენტებით. სვიტრები, ქუდები, კაშნები, რაც უნდა მომხმარებელს და რასაც დამიკვეთავს, იმას ვუქსოვ. მოთხოვნადია ბავშვის კომბინიზონები, განსაკუთღებით ახლა, ამ სეზონზე. ინტერნეტი ძალიან მეხმარება, მე თვითნასწავლი ვარ და ყველა ორნამენტის გაკეთება არ ვიცი, ამიტომ აქ ვსწავლობ. მიყვარს, როდესაც დამკვეთი განსხვავებულს მთხოვს. ასე საკუთარ თავსაც ვზრდი, ვსწავლობ და საკუთარ თავზე ვმუშაობ”, – გვიყვება ის.

ხათუნა მთელ თავისუფალ დროს ქსოვას უთმობს და საქმის გამო, ღამეების თენებაც უწევს.

“ნებისმიერ დროს ვქსოვ, როგორც კი სახლის საქმეებს მოვრჩები და ბავშვს ვამეცადინებ. სადაც მიხერხდება, იქ ვჯდები და ვიწყებ ქსოვას. ღამეებიც მითენებია, როდესაც შეკვეთები მაქვს და მომხმარებელს ეჩქარება. ზრდასრული ადამიანის სვიტრს 6-7 დღეს ვანდომებ, მინდა ხოლმე, რომ სრულყფილი იყოს, ამით მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი მომხმარებელიც”, – ამბობს ხათუნა.

ხათუნას სურვილი საკუთარი წარმოების გაფართოებაა. ამბობს, რომ ახლა მარტო მუშაობს, სამომავლოდ კი, დამხმარეების აყვანას და ხალხის დასაქმებაზე ფიქრობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.