რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.