ზაზა მეზვრიშვილი, რომელმაც გორის მერიას დახმარების თხოვნით მიმართა, 1000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ გარეჯვარში საქონლის ფერმის შენობა დაენგრა, დახმარების თხოვნით კი, მერიას წერილობით მიმართა.
ზედამხედველობის სამსახურმა დაადგინა, რომ მოქალაქემ საქონლის სადგომი მერიასთან შეთანხმების გარეშე ააშენა, რის გამოც, ზაზა მეზვრიშვილი დაჯარიმდა.
“საკუთარ მიწაზე მქონდა გაკეთებული პატარა ფერმა. საშინელი ქარი იყო და დაინგრა. ვიფიქრე, იქნებ რამით დამეხმაროს მერია-თქო და წერილი დავწერე. დახმარების ნაცვლად, დამაჯარიმეს 1000 ლარით. უნებართვოდ გქონდა აშემებული ეგ ფერმაო”, – ამბობს მეზვრიშვილი “მოზაიკასთან” საუბრისას.
ზაზა მეზვრიშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯარიმა გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში. პროცესი 26 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქე ჯარიმის გაუქმებას მოითხოვს რადგან, შენობა რომლის უნებართვოდ აშენებასაც მას მერია ედავება, სტიქიამ დაანგრია და აღარ დგას.