ქვიშხეთის საექიმო ამბულატორია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს – ვკითხულობთ ხაშურის მერიის აუდიტის დასკვნაში.
შიდა აუდიტის სამსახურმა “ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიის” ბოლო სამი წლის მუშაობა შეისწავლა და აღმოჩენილი ხარვეზები დასკვნაში ასახა, საიდანაც ვიგებთ, რომ:
„ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიას“ 2021 წლის მიხედვით არ აქვს დამუშავებული შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შეფასდებოდა მათი მუშაობის ეფექტიანობა და კანონშესაბამისობა.”
“ამბულატორიას არ გააჩნია საშტატო ერთეულები, თუმცა მის შენობაში სამედიცინო მომსახურებას ახორციელებენ იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული ექიმები და ექთნები”.
დასკვნის მიხედვით, ბოლო წლებში, ხაშურის მერიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამბულატორიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია ფინანსების და შესრულებული სამუშაოების შესახებ.
“მიუხედავად სისტემატური მოთხოვნებისა შპს „ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიის“ ხელმძღვანელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია საფინანსოეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მისი საქმიანობა არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს, რომლის საფუძველზეც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იქმნება.”
ინფორმაციისთვის, შპს “ქვიშხეთის საექიმო ამბულატორია” ხაშურის მერიამ დააფუძნა და მისი ფუნქცია სამედიცინო პროფილის ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაა.
დასკვნის მიხედვით, ამბულატორიისთვის გამოყოფილი შენობა ამორტიზებულია და საჭიროებს გადაუდებელ შეკეთება-აღდგენას.