სტატიები

რა ხდება ქვიშხეთის ამბულატორიაში? – აუდიტის დასკვნა და ამბულატორიის უფროსის პასუხი

ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურის შეფასებით, ქვიშხეთის საექიმო ამბულატორია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამ დასკვნას ამბულატორიის უფროსი არ ეთანმხება და ამტკიცებს, რომ მისი ექთნები პაციენტებს ყოველდღიურად ემსახურებიან. 

“არ არის სწორი ნათქვამი, რომ ამბულატორია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას”, – ამბობს ამბულატორიის უფროსი ქეთი ციმაკურიძე. 

ციმაკურიძის თქმით, მისთვის აუდიტორული შემოწმების შედეგები არავის უცნობებია. 

“ისიც კი არ ვიცოდი, რომ ჩვენი ამბულატორია აუდიტის ანგარიშში მოხვდა და ამის განხილვა საკრებულოზე სხდომაზე იყო”, – გვითხრა ციმაკურიძემ. 

აუდიტის სამსახურმა საკუთარი დასკვნა ხაშურის საკრებულოს ბოლო სესიაზე წარუდგინა. ანგარიშის ნაწილი კი სწორედ შპს “ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიის” მუშაობის შეფასებას ეთმობა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიას“ არ აქვს დამუშავებული შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შეფასდებოდა მათი მუშაობის ეფექტიანობა და კანონშესაბამისობა.

აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში ასევე წერს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ ამბულატორიის უფროსისგან მუშაობის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ვერ მიიღეს. 

“მიუხედავად სისტემატური მოთხოვნებისა, შპს „ქვიშხეთის საექიმო ამბულატორიის“ ხელმძღვანელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია საფინანსო ეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მისი საქმიანობა არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს”.

აუდიტის ამ დასკვნას ამბულატორიის უფროსი არ ეთანმხება. 

“მე ერთი ვიცი, რომ ჩემი ექთნები ყოველდღე ემსახურებიან პაციენტებს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამბულატორია საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს, არ არის სწორი”.

ამბულატორიაში ექთქნების მუშაობას აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. უბრალოდ აღნიშნავს, რომ ისინი ამბულატორიის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები არ არიან. 

“ამბულატორიას არ გააჩნია საშტატო ერთეულები, თუმცა მის შენობაში სამედიცინო მომსახურებას ახორციელებენ იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული ექიმები და ექთნები”, – ვკითხულობთ დასკვნაში. 

რა ბედი ელის ამბულატორიას და რა რეაგირება მოყვება მერიის მხრიდან აუდიტის დასკვნას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დასკვნაში აღნიშნულია, რომ “ამბულატორიისთვის გამოყოფილი შენობა ამორტიზებულია და საჭიროებს გადაუდებელ შეკეთება-აღდგენას.”

ინფორმაციისთვის,  შპს “ქვიშხეთის საექიმო ამბულატორია” ხაშურის მერიამ დააფუძნა და მის ფუნქციად სამედიცინო პროფილის ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა განსაზღვრა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.