ადამიანები ისტორიები

ქვებით შექმნილი ხელოვნება – დავით გოდელაძის ისტორია

“ქვის ხელოვნება” – ასე ჰქვია ნამუშევრებს, რომელსაც ქარელში მცხოვრები 31 წლის დავით გოდელაძე ქმნის. გოდელაძე სხვადასხვა ფორმის ბუნებრივ, დაუმუშავებელ ქვებს ერთმანეთზე ამაგრებს და მათგან უჩვეულო კომპოზიციები გამოჰყავს.

ნამუშევრების შექმნა დავიწყე 4 წლის წინ. რეალურად ეს არის ქუჩაში დაწყებული საქმიანობა,რომელიც გაგრძელდა სახლში და ვფიქრობ, რომ სერიოზული სახე მიიღო.

ამბობს, რომ საქართველოში პირველია, ვინც საზოგადოებას ხელოვნების ეს მიმდინარეობა შესთავაზა, გააცნო და ძალიან დიდი გამოხმაურებაც დაიმსახურა.

“ქუჩაში სეირნობისას, ქაოსურად გაშლილმა ქვებმა მიბიძგა შემეგროვებინა და მეცადა, თუ რა გამოვიდოდა მათი ერთმანეთთან მიმაგრებით. ერთი ან რამდენიმე საკვანძო ქვის გარშემო ხდება კომპოზიციის (მონახაზის) აწყობა. ამ ქვებზე დაკვირვებით, წარმოდგენა მექმნება, რა შინაარსის ნამუშევარი შეიქმნება და შემდეგ იწყება დანარჩენი ქვების მოძიება, რომლებიც საბოლოო ჯამში სრულყოფილს გახდის ნამუშევარს”, – გვიყვება გოდელაძე.

დავითი ქვებს არ ამუშავებს. ის მათ ბუნებრივ სახეს უნარჩუნებს. ფიქრობს, რომ სწორედ ეს სძენს მის ნამუშევრებს უნიკალურობას.

“ყველაზე რთული მაინც ძალიან მცირე ზომის ქვებთან მუშაობაა, რომელიც უფრო მეტად რთული დასამორჩილებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს მცირე დეტალები აძლევს ნამუშევარს სრულყოფილ სახეს”

ხელოვანი საკუთარ ნამუშევრებს საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობს. ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც.

უახლოეს მომავალშიც იგეგმება კიდევ ერთი გამოფენა. რეალიზაცია ძირითადად ინტერნეტით ხდება. სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საკუთარი შემოქმედება გააცნო ფართო საზოგადოებას. ეს ყველაფერი კი იქმნება კორპუსის ერთ პატარა ბინაში, რადგან ჯერ საკუთარი სახელოსნო არ მაქვს”, – ამბობს დავითი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.