ადამიანები ისტორიები

თოჯინები მეორადი მასალისგან – როგორ ქმნის მანანა გოჩოშვილი სათამაშოებს?

კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ კავთისხევში მანანა გოჩოშვილი-კელაპტრიშვილი 10 წელზე მეტია, რაც თოჯინებს ქსოვს. ნამუშევრებს საკუთარი ფანტაზიით ქმნის. ამბობს, რომ ქსოვის დაწყებისას, არც კი იცის, საბოლოოდ როგორ თოჯინას მიიღებს.

“წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვქსოვ. მუშაობის პროცესში ვწყვეტ თოჯინა გოგო იქნება თუ ბიჭი; თმა გრძელი ექნება, თუ მოკლე. ეს დეტალები იმ მომენტისთვის მაფიქრდება. ერთ ნამუშევარზე დიდხანს ვმუშაობ, რადგან ყველა დეტალს თავად ვაკეთებ”, – ამბობს მანანა.

მანანა პროფესიით მხატვარ-გრიმიორია. ერთი პერიოდი კინოსტუდიაშიც მუშაობდა, სამ ფილმზე აქვს ნამუშევარი. ამბობს, რომ ხელსაქმე და ხელოვნების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს, როცა ძალიან პატარა იჯდა საათობით, ხატავდა და დროდადრო სათამაშოებსაც საკუთარი ხელით კერავდა.

“ბავშვობიდან ვქმნიდი ხელნაკეთ სათამაშოებს, მაგრამ მაშინ ვკერავდი, თუმცა სულ მინდოდა, უფრო დახვეწილი და მყარი სათამაშოები შემექმნა, ამ მიმართულებითაც მინდოდა მუშაობა, მაგრამ მითხრეს, რომ მომბეზრდებოდა და ამაცრუებინეს გული. 90-იანების დროს, ტანსაცმელს ვქსოვდი, შეკვეთებს ვიღებდი და ჩემი შემოსავალი მქონდა. დაახლოებით 10 წლის წინ კი, თოჯინების დამზადება დავიწყე, ზოგი გავაჩუქე, ზოგი გავყიდე. ახლა 50 მდე თოჯინა მაქვს სახლში”.

მანანა თოჯინების დასამზადებლად იყენებს ძველ ნივთებს, ნაფოტებს, ხის ტოტებს, ნივრის ღეროს… ძირითადად, ღამე მუშაობს, რადგან დღე სხვა საქმეებითაა დაკავებული.

“დრო არ მაქვს. სამსახური, სახლის საქმე. ძირითადად, ღამე და ზამთარში ვმუშაობ. რეალიზებას ვერ ვახდენ და ამიტომ სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, ბაღები, მეურნეობა და ისე გამოდის, რომ ხელსაქმეს ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ. ზამთარში უფრო ვმუშაობ, სოფლის საქმე ნაკლებია ამ დროს, მეც ვიმარაგებ მასალებს, ვყიდულობ მეორადს და ვაგროვებ გადაგდებულ ნივთებს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი. ნაქსოვი ტანსაცმელი მიყიდია და დამირღვევია, რომ თოჯინისთვის თმა მომექსოვა”.

გარდა ხელსაქმისა, მანანას სხვა საყვარელი საქმეც აქვს – მან სახლის ეზოში ვარდის 100-ზე მეტი ჯიში ახარა, რომელსაც პერიოდულად აფესვიანებს და ყიდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.