ადამიანები ისტორიები

ჭეშმარიტი პოეზია მათემატიკის მასწავლებლის სასთუმალთან

“ქუჩაში რომ მივდივარ
ხე და სახლი მიცინის
მე რომ ხაშურელი ვარ
სიამაყედ მეყოფა!..”

ეს ნაწყვეტი ხაშურელი პოეტის გიორგი მეტრეველის ლექსიდანაა. მას გამორჩეულად უყვარდა თავისი მხარე და ასეთივე სიყვარული ჰქონდათ მის მიმართ. პოეზიის სიყვარულის და ლექსის წერის ოსტატობის გარდა, მეტრეველი სხვა უნარებითაც იყო დაჯილოებული.

ის იყო დამსახურებული პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე, მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, არაერთი საბავშვო გამოცანების, ლექსების და მათემატიკური კონკურსების გამარჯვებული, ხაშურის საპატიო მოქალაქე.

გიორგი მეტრეველი (ამირხანოვი ) დაიბადა 1934 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა – მათემატიკის ფაკულტეტი – მათემატიკის სპეციალობით.

ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სპორტით – შვიდჯერ გახდა საქართველოს პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში. 1954 – 55 უკვე ჩემპიონია იმავე სახეობაში. იყო სპორტის ოსტატი ( ხაშურის რაიონიდან პირველი რესპუბლიკაში). 

მთელი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა ლიტერატურულ  მოღვაწეობას. მისი ტექსტები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ავტორია მეთოდური კრებულისა მათემატიკაში, ფაკულტატური მეცადინეობა მათემატიკაში “ ( XI კლასელთათვის).

ყველაზე მეტად საზოგადოებას მას ისე იცნობს, როგორც საბავშვო პოეტს, თუმცა ის ავტორია შვიდი პოეტური კრებულისა: „ მზე და თეა”,  „სამადლობელი ბარათი”, „ ჩიტუნები მღერიან“, „გატყდა ზამთარი“, „ მე და ჩიტი”, “ქებათა – ქება მასწავლებელს”.

პოეტის I წიგნის რედაქტორის წინასიტყვაობაში რევაზ მიშველაძე წერდა:

„მათემატიკის მასწავლებლის სასთუმალთან ჭეშმარიტი პოეზია ათევს ღამეს. “

ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თან წაიღო ხაშურის და ხაშურელების დიდი სიყვარული, თითქოს სულ გულში ეღიღინებოდა ეს სიტყვები:

“ხვავრიელად, უვალოდ
ბრუნავს ჩემი წისქვილი,
აქა ვხვდები ყოველდღე
ყველა ძვირფას მეგობარს…”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.