ბლოგები

როგორ ავუმაღლოთ ბავშვებს მეტყველების კულტურა?

ავტორი: ეთერ სულეიმანაშვილი

მეტყველების კულტურა ფართო ცნებაა, იგი მხოლოდ მეტყველების საკითხებს არ მოიცავს. მეტყველების კულტურა ადამიანის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და აზროვნების სისტემასთან არის დაკავშირებული. მეტყველების ფორმირებაზე ბევრი გარემოება ახდენს ზეგავლენას. ესენია: სოციალური, ბიოლოგიური, გეოგრაფიული და სხვა.

ბავშვებში  სწორი მეტყველების უნარების განვითარება  მნიშვნელოვნად საყურადღებო საკითხია. ამ უნარის ჩამოყალიბება იწყება ოჯახიდან, გრძელდება სკოლაში და რა თქმა უნდა, მასზე ზემოქმედებას ახდეს გარე ფაქტორებიც.

პირველ შეცდომებსაც სწორედ მშობლების დიდი ნაწილი  უშვებს, როდესაც ბავშვს ენის მოჩლექით ესაუბრებიან სწორედ მაშინ, როდესაც ბავშვი მეტყველებას იწყებს.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის რეალიზებისთვის სწორი მეტყველება მნიშვნელოვანიa. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოსწორება, დასწავლა და სხვა პრობლემის მოგვარებაც მეტ-ნაკლებად ყველა ასაკშია  შესაძლებელი .

ზოგიერთ შემთხვევაში კი, თუ ადამიანის  მეტყველების ორგანოების ანატომიურ აგებულებაში აქვს დაღვევა (მაგალითად არასწორი თანკბილვა, მეჩხერი კბილები, ზომაზე  სქელი ან თხელი ტუჩი, ენის აგებულება და სხვა) შესაძლოა ქირურგიული ჩარევით, მასაჟებით ან სხვა პროცედურებით პრობლემის მოგვარება ან ნაწილობრივ მოგვარება მაინც.

მე პირადად ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ მეტყველების დაბალი კულტურის გამო რომ ვერ ახდეს. ამიტომაც ვთვლი, რომ  სკოლაშიც არის უფრო მეტი სამუშაო ბავშვებთან  ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ სიხარულით მივიღე შემოთავაზება კერძო სკოლა  “ლაშარიდან“, რომ ბავშვებისთვის მეტყველების კულტურა მესწავლებინა.

ბავშვებთან სამუშაო გამოცდილებამ მაჩვენა, რამხელა გავლენა აქვს დაწყებითი კლასის მასწავლებელს  მოსწავლის მეტყველების ჩამოყალიბებაზე. უთქმელად ვცნობ ხოლმე საუბრის დაწყებისთანავე, რომელი მოსწავლე  ვის სადამრიგებლო კლასშია. მე მიხარია, რომ ჩემს სკოლაში ყველა მასწავლებელი მუშაობს ბავშვის მეტყველების სწორად განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობ, ინდივიდუალური სამუშაოები მაინც აუცილებელია ბავშვებთან, რადგან საგაკვეთილო დრო ფიზიკურად არ ეყოფა მასწავლებელს იმისთვის, რომ სასკოლო საგანი და მეტყველებაც სრულყოფილად ასწავლოს.

როგორ ვასწავლი?

როდესაც მოსწავლესთან ვიწყებ მუშაობას, პირველ რიგში, ვადგენ რომელი ბგერების წარმოთქმაში აქვს პრობლემა. არის შემთხვევები, რომ ბავშვი ყველა ბგერას გამოთქვამს სწორად, მაგრამ არასწორ ადგილას აჟღერებს და ეს უსიამოვნო ჟღერადობას იწვევს ხოლმე. პრობლემის აღმოფხვრა სუნთქვის გასწორებით იწყება, შემდეგ ბგერების სწორად გამოთქმის სავარჯიშოებით და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ხმის სწორად გამოშვება. დანარჩენი საკითხები კი ინდივიდუალუალურია .

ამ  ბლოგში  ბევრ ასპექტს ვერ ჩავტევ, მაგრამ მინდა სამი მარტივი რჩევა ყველას მივცე:

  • იმეტყველეთ თქვენი ბუნებრივი ხმის ტემბრით;
  • შეეცადეთ ფრაზის დასაწყისში  ჩაისუნთქოთ და სუნთქვა გადაანაწილოთ წინადადების წარმოთქმისას;
  • გააღეთ პირის აპარატი საუბრისას და ხმოვნები გააჟღერეთ სწორ პოზიციაში.
დატოვეთ კომენტარი