ისტორიები ისტორიული ძეგლები

რის ნახვას შევძლებთ კასპის მუნიციპალიტეტში ერთ დღეში?

შიდა ქართლის ტურები მრავალფეროვანია. ხშირად ბევრს დავდივართ ერთსა და იმავე ადგილებში, მაგრამ მნიშვნელოვანი სანახაობები მაინც ყურადღების მიღმა გვრჩება.

რა შეიძლება ვნახოთ კასპის მუნიციპალიტეტში ერთ დღეში?

პირველ რიგში სანახავი ობიექტია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურის მარჯვენა ნაპირზე წამომართული გრაკლიანის გორა – არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც აღმოაჩინეს 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს. ის თბილისი-ლესელიძის მაგისტრალთანაა, თუმცა ბევრმა გამვლელმა ჯერ კიდევ არ იცის მის შესახებ. აქ ტერასაზე შეფენილი ნამოსახლარებია უამრავი საინტერესო არტეფაქტით, უძველესი წარწერით. ამავე ტერიტორიაზეა მუზეუმი, სადაც აღმოჩენელი ნივთებია განთავსებული.

გრაკლიანიდან ერთ კილომეტრში დგას XI  საუკუნის სამთავისის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასალს აუგია. VI საუკუნიდან ასურელი მამა – ისიდორე იწყებს მოღვაწეობას. სამთავისი  საეპისკოპოსო რეზიდენციაა.

სამთავისიდან სამანქანო გზით 20 წუთში ლამისყანაში მოვხვდებით, სადაც მარიამ და ალექსანდრე  ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეს ვნახავთ. სასახლე დგას მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი ბორცვის ფერდობზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ქალაქი ახალგორი – ქსნის ერისთავების რეზიდენცია.

ლამისყანიდან კასპის გავლით 40 წუთის სავალზე წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორიას მიეკუთვნება. XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

შემდეგი გაჩერება სოფელი ნოსტეა, რომელიც 8 კილომეტრში მდებარეობს.  სოფლის მახლობლად ძველი ნასახლარია – გიორგი სააკაძის ყოფილი ციხე-დარბაზი კოშკით, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით კი ორი ეკლესიაა სამება და ღვთისმშობელი.

ბოლოს კი, ქვათახევის მონახულებასაც მოვასწრებთ, რომელიც ნოსტედან 30 წუთის სავალზეა. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 წელს ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. გადმოცემის თანახმად, ტაძრის იატაკს დღემდე ამჩნევია თემურ-ლენგის მიერ დახოცილი ბერების სისხლის კვალი.

გაზაფხულზეც, შემოდგომაზეც ულამაზესია ეს მხარე და მომლოცველს თუ დამთვალიერებელს დიდი შთაბეჭდილებები ელის.

საპიკნიკე ადგილებია როგორც ლამისყანაში, ასევე ქავათახევში, სადაც მოგზაურობის დასარულს კარგად განტვირთვაა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.