ადამიანები ისტორიები

ანეტა გიგიბედაშვილი – ქალი, რომელმაც ახალქალაქში სკოლა და ბიბლიოთეკა დააარსა

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე 1880 წელს, სოფელ ზემო ხადაკში, მწერლის ოჯახში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა გორის პროგიმნაზიაში განაგრძო, თუმცა მძიმე ოჯახური პირობების გამო, მისი დასრულება ვერ შესძლო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, იძულებული შეიქმნა, თექვსმეტი წლის ასაკში, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეზე გათხოვილიყო.

ანეტა წერდა ლექსებს, 1902 წელს მან ლექსების პირველი წიგნი გამოსცა. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმე დააპატიმრა.

ანეტა იყო ქალთა უფლებების დამცველი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. მისი ინიციატივით, სოფელ ახალქალაქში დაარსდა სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა, ასევე სახალხო თეატრი. იგი ხშირად წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა.

1911 წელს ანეტა კაპანაძე საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად დაუსწრებლად აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოებისათვის ის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა. ასევე ფოლკლორისტულ საკითხებზეც მუშაობდა. ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს სოფელ-სოფელ აგროვებდა და შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა.

1921 წელს იგი საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს. ანეტა კაპანაძე აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან, „ნაკადული“, „თანამედროვე აზრი“, „თემი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ბრძოლა“, „კლდე“ და სხვა. ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე 1945 წელს გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.