“ხემსი”, – ასე ჰქვია მცირე საოჯახო საწარმოს, რომელიც სოფია გოგინაშვილმა და მისმა მეუღლემ ხშურში დაახლოებით სამი წლის დაარსეს. საწარმოში მზადდება ჩირის სხვადასხვა სახეობა, ხილის და კენკრის ჩაი, რომელიც მცირედ და მსუბუქად მისართმევია, ამასთან არის ნოყიერი, სასარგებლო და ეკოლოგიურად სუფთა.
“პანდემიის პირობებში დავიწყე ხემსის კეთებ. პროცესმა ისე გამიტაცა, რომ იდეა საქმიანობად მექცა. შესაძლებელია რომ აკეთო კარგი საქმე სხვისთვისაც და იყოს შენი შემოსავლის წყაროც. მეუღლის იდეა იყო წარმოების სფერო. ოჯახი მიდგას გვერდში და მეხმარება, ჩართულნი არიან ჩემი შვილებიც. ვაწარმოებ ქართულ პროდუქტებს, ვამზადებ მშრალ ხილს. ხილის და კენკრის ჩაის და ხილის საკმაზებს. ვცდილობ ჯანსაღი ქართული ნედლეული გარდავქმნა სასარგებლო, საინტერესო, ინოვაციურ, გამორჩეულ პროდუქტად, რომელიც მოუხდება როგორც ქართულ ისე უცხოურ სამზარეულოს”, – ამბობს სოფი.
სოფია გვიყვება, რომ საწყის ეტაპზე რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.
“უცხოური პროდუქციით იმდენად გაჯერებულია ბაზარი, ქართულს უჭირს დამკვიდრება და კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულია და კარგია, ძალიან დიდია. წარმოებაში კატეგორიულად უარს ვამბობთ დანამატებზე, რომელიც ვიზუალური ეფექტის მისაღებად ცვლის მის სასარგებლო თვისებას. ნებისმიერ ეტაპზე აქცენტი კეთდება ჯანსაღ პროდუქციაზე. ჩვენი მიზანია, ნარჩენების მაქსიმალურად შემცირება და სწორი განთავსება, პროდუქციის დამუშავება, შრობა და შენახვა განსაზღვრულ ვადებში და პირობებში, რაც საბოლოოდ გვაძლევს ხარისხიან პროდუქტს”, – გვიყვება ის
პროდუქციის დასამზადებლად “ხემსი” ხილს ადგილობრივი ფემრერებისგან იბარებს, ამუშავებს და სარეალიზაციოდ გააქვს.
“ნედლეული მოგვაქვს დილით, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ. შემდეგ ხდება ნედლეულის გასუფთავება, რეცხვა, დამუშავება, შემდეგ შრობა, რომელიც შეიძლება ორი დღე გაგრძელდეს, ხილის სახეობიდან გამომდინარე. გამომშრალი ნედლეული ნედლდება, რათა ერთგვაროვანი გახდეს და შემდეგ იფუთება პაკეტებში სარეალიზაციოდ, ეს ჩირის შემთხვევაში. ჩაი და საკმაზის დამზადება კიდევ ცალკე პროცესია და მის შეზავებაში ჩართულია ყველა ჩემი გემოვანი რეცებტორი, რომელიც ქმნის განსხვავებულ გემოებს”, – აღნიშნავს სოფია.
სოფია “ხემსის” ახალ პროდუქტზე გვიყვება, რომელიც არის ქლიავის საკმაზის სახით წარმოდგენილი და ასევე გემოების შეხამების საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
“ჩირეულიდან ნესვი ძალიან ეგზოტიკურია და სასმელებთან გირჩევთ. შავი ქლიავი, რომელსაც მოგეხსენებათ უხვად სარგებლის მოტანა შეუძლია, უხდება ბოსტნეულის სალათებს. თქვენთან ექსკლუზიურად მინდა ვისაუბრო “ხემსის” ახალი გემოს, ქლიავის საკმაზის შესახებ, რომელიც სულ ახალი პროდუქტია, მოტკბო-მომჟაო და ცხარე არომატები იხსნება მისი მირთმევისას. ჯერ ბაზარზე არ არის, თუმცა ჩვენმა მომხმარებლებმა უკვე აღმოაჩინეს ეს ახალი გემო და გვიკვეთავენ. ქლიავის საკმაზი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ხემსის სახით, ასევე იდეალურია ხორცთან და თევზთან. ძალიან უხდება ყველს”, – ამბობს ის.