ადამიანები ისტორიები

ერთადერთი სტუდენტი ხაშურიდან, რომელიც კონსერვატორიაში საყვირზე დაკვრას სწავლობს

ხაშურელი მუსიკოსი ლაშა ხუციშვილი კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია. ის მუსიკალურ საკრავზე, საყვირზე 5 წლის ასაკიდან უკრავს. ახლა კი გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ საქმიანობას პროფესიულ დონეზე დაუფლებოდა.

“მუსიკალური ოჯახი მყავს. სწორედ ამან განაპირობა, რომ პატარა ასაკში დავამთავრე ჯერ სავიოლინო კლასი, შემდეგ ფანდურზე მომინდა, რომ დამეკრა და ამაზე დავიწყე სიარული. საყვირზე დაკვრა 5 წლის წინ დავიწყე, ჩემი პედაგოგი დედას მეგობარია და მან შესთავაზა, რომ მევლო და მესწავლა საყვირზე დაკვრა. საკმაოდ იშვიათი  და პერსპექტიული მიმდინარეობაა, გამოიყენება, როგორც ჯაზში, ისე კლასიკაში, სამხედრო ორკესტრთან. საკუუთარი თავის რეალიზება, რა თქმა უნდა, დიდი შრომის ფასად აქ უფრო მოსახერხებელია. წელს კონსერვატორიაში ჩავირიცხე, პირველ კურსზე ვარ, ჩემს ფაკულტეტზე ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, ვინც ეს მიმდინარეობა აირჩია”, – ამბობს ლაშა.

ლაშა ამბობს, რომ საყვირზე დაკვრა რთულია და თუ ამ პროფესიის არჩევას აპირებ, უმჯობესია, პირის აპარატი ჩამოყალიბებული იყოს. 

“დღის განმავლობაში მაქსიმუმ სამი საათი შემიძლია ვარჯიში, ისიც წყვეტილად, 15 წუთი უნდა გავჩერდე, რადგან ტუჩი ფუჭდება.  პატარა ბავშვებიც უკრავენ, მაგრამ უმჯობესია პირის აპარატი იყოს ჩამოყალიბებული. ბევრი მესაყვირეა, რომელსაც პირის აპარატი გაუფუჭდა. თუ ჩვენს საქმეში ეს ხდება, ავტომატურად უნდა დაემშვიდობო პროფესიას და ინსტრუმენტს. თუ რაიმე შეცდომა დაუშვი, ეს აუცილებლად ჩანს, გეტყობა და შესაძლებელია ერთი კვირა გაჩერდე და საკრავი ვერ აიღო ხელში”, – ამბობს ის.

ლაშა ახლა სტუდენტურ ორკესტრში უკრავს, სადაც სხვადასხვა კომპოზიციებს ამუშავებენ. მისი თქმით, ერთი ნაწარმოების დასასწავლად თითქმის ერთი წელია საჭირო.

“დასრულებულ კომპოზიციას დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, 10 წლედში მთელი წელი ვანდომებდით ხოლმე, ახლა კონსერვატორიაში 6 თვე საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კომპოზიცია დავუკრათ. რაც დრო გადის, უფრო ნაკლებ დროში უნდა მოვახერხო ნაწარმოების სწავლა და ასე ვიზრდები შემოქმედებითი კუთხით, ტექნიკებს ვამუშავებ და დროც უნდა შევეცადო შევამცირო”, – გვიყვება ლაშა.

ლაშა ხუციშვილი ახლა 18 წლისაა, წინ დიდი გეგმები და მიზნები აქვს. ის მომავალში სოლო კარიერის გაკეთებაზე ფიქრობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.