სტატიები

ხაშურის მერიამ 60 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები კომპანიას უტენდეროდ გაუფორმა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “პირამიდა + 777”, რომელსაც სოფლებში წყლის სათავე ნაგებობების მოწყობისთვის 37 447 ლარი გადაუხადა.

აღნიშნულმა კომპანიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობები უნდა მოაწყოს სოფელ დიდ სატივში, იმერლიანთკარსა და ღვრიაწყალში.

კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 45 დღე აქვს და ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დაასრულოს.

გასულ თვეში, ხაშურის მერიას კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვა აქვს ამავე კომპანიასთან. მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობებისთვის 22 306 ლარი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისთვის სამუშაოების შესყიდვის გამარტივებული გზას ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროექტები მაღალბიუჯეტიანია.

იურისტების თქმით, აღნიშნული წესით სოფლის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას კანონმდებლობა არ კრძალავს, თუმცა თვლიან რომ კანონი ამ მიმართულებით უნდა გადაიხედოს, რადგან ამგვარი პრაქტიკა მუნიციპალიტეტებში კორუფციის რისკებს ზრდის. 

“გამარტივებული შესყიდვის დროს, ყოველთვის უნდა არსებობდეს დასაბუთება, რამ განაპირობა ასეთი წესით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, იმისათვის რომ გამოირიცხოს კორუფციული გარიგებები. ესეთი დასაბუთებულობა თუ არ არსებობს, ამაში აუდიტის სამსახური აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და მიმართოს პროკურატურას, რომ იკვეთება კორუფციული გარიგების ფაქტი”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი, საია -ს იურისტი. 

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვა ყოველთვის ატარებს კორუფციის მომეტებულ რისკს, რადგან მისი გამოყენების დროს არაგამჭვირვალედ და უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა. შემსყიდველს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს კომპანია შეარჩიოს ფასისა და ხარისხის მიღმა არსებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც პოტენციურად უსამართლო ანდა უკანონო შეიძლება იყოს.

ამავე თემაზე: ქარელის მერია 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს უტენდეროდ ყიდულობს 

დატოვეთ კომენტარი