“სოფელში მარტო მოხუცები ვართ დარჩენილი. წავიდა ახალგაზრდობა, დაიცალა სოფელი”
ზემო ლეთეთი ქარელიდან 8-10 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში სახლების დიდი ნაწილი დაკეტილი ან მიტოვებულია. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან. ზემო ლეთეთში მუდმივად 5 კომლიღა ცხოვრობს.
“ამჟამად, სოფელში მუდმივი მაცხოვრებლები 5 კომლიღა ვართ შემორჩენილი. 5 ოჯახი ვცხოვრობთ და სულ ყველა სოციალურად დაუცველები ვართ. პენსიით და მაგ დახმარებით გაგვაქვს თავი, რადგან სხვას აქ ვერაფერს ვაკეთებთ”, – გვეუბნება სოლომონ გელაშვილი.
სოლომონი გვიყვება, რომ ის და მისი თანასოფლებები წლებია ზემო ლეთეთისთვის მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რადგან იმედი აქვთ, რომ სტატუსის თანმდევი შეღავათები მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
“გვინდა, რომ მოგვცენ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, მაგრამ მერიაში გვეუბნევიან, რომ მთიან ზონას არ ვეკუთვნით და ამის გამო უარი მოგვდის. არადა, მთიანი ზონა ვართ, ჩვენი სოფლის მოპირდაპირედ არის სოფელი კლდუ და ისინი ამ სტატუსით სარგებლობენ”, – გვიხსნის გელაშვილი.
სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭება უნდა ლეილა ფილიშვილსაც.
“შემოდგომით, კაკალს და თივას ვყიდით და ეს გვეხმარება, სხვა რამე სოფლის მეურნეობა ჩვენ, აქ მაცხოვრებლებს არ გვაქვს. გვინდა, რომ ეს სტატუსი მიანიჭონ ჩვენ სოფელს, რადგან მერე რაღაც შეღავათები გვექნება და ხარჯიც ნაკლები გვექნება”, – გვეუბნება ლეილა.
ლეილა გვიყვება, რომ დაცლისპირას მყოფ სოფელში მაღაზია და აფთიაქი არ არის. შესაბამისად, მოხუცებს სურსათის თუ წამლების შესაძენად სიარული ქარელში უწევთ.
“სახლისთვის როცა რამის ყიდვა გვინდა ქარელში მივდივართ, ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ ტაქსით სიარული გვიწევს. წარმოიდგინეთ, 10 კილომეტრია დაშორება და ტაქსის ხარჯი რამდენი გვაქვს”, – გვეუბნება ლეილა.
ადგილობრივები სოფელში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ.
“ზოგადად, მიტოვებული სოფელია. ისეთი გზა გვაქვს, ზამთარში რომ ატალახდება, ტრანსპორტი კი არა, სასწრაფოც ვეღარ მოდის”, – გვეუბნებიან ისინი.
როდის და როგორ გადაწყდება ზემო თელეთის ამბავი არ იცის მერის წარმომადგენელმა. რაც შეეხება, ქარელის მერიას, უწყება მოსახლეობის მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზის დასასაბუთებლად, ოფიციალური წერილის მიწერას და 10-დღიან ვადას ითხოვს.