ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში სოციალურად დაუცველი ლომიტაშვილების ოჯახი ცხოვრობს. კობას და ლიას სამი შვილი ჰყავთ – ყველაზე უფროსი 16 წლისაა, უმცროსი კი 3-ის.
“ბავშვები სკოლაში რომ გამეშვა, მეუღლეს ორი ბეჭედი ჰქონდა და ისინი დავალომბარდეთ”, – გვითხრა კობა ლომიტაშვილმა.
ოჯახისთვის სასექტემბროდ ქორწინების ბეჭდების დალომბარდება წლების ტრადიციაა. ამბობენ, რომ ასე მოიქცენენ გასულ წლებშიც.
“აუცილებლი ნივთები შევუძინეთ, ერთი წყვილი ფეხსაცმელი და ერთი წყვილი ჩასაცმელი. ყველა ემზადება სასექტემბროდ. ჩვენ შვილებს ისედაც ბევრი რამ აკლიათ და არ გვინდოდა, რომ სასწავლო წლის დაწყების წინაც გული დაგვეწყვიტა”, – გვითხრა კობამ.
კობას ძირითადად სეზონური სამუშაოები აქვს. როგორც მისი მეუღლე გვეუბნება, ის ბაღებში დადის და თანასოფლელებს ხან მიწის დამუშავებაში, ხან კი მოსავლის აღებაში ეხმარება. ამის ფონზე, ლომიტაშვილების ძირითად შემოსავლად მაინც სოციალური დახმარება რჩება.
“როცა მუშად მიდის, დღიურად 40 ლარს უხდიან. ეს ძალიან გვეხმარება, მაგრამ ხან ისეც ხდება, რომ სულ წამლებში გვეხარჯება. ჩიყვი აქვს და მკურნალობა სჭირდება”, – გვეუბნება ლია გაბაიძე.
ლია საოჯახო საქმეების გარდა, პატარა შიდა მეურნეობასაც უვლის. ოჯახს რამდენიმე კურდღელი და ქათამი ჰყავს.
“ჩვენ მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ წინ ვერ წავიწიეთ. სახლში ელემენტარული პირობები არ გვაქვს, აბანო ვერ გავაკეთე. ყველაფერს ისეთი ფასი ადევს, ხან ვამბობთ ხოლმე, რომ კიდევაც კარგად ვანაწილებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შვილებს მაინც ექნებათ უკეთესი ცხოვრება”.