სტატიები

როგორ მივიდა საქმე გამოსახლებამდე – ბაგრატიონის ქუჩის ამბავი 

გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე მთელი დღე დაძაბული ვითარება იყო – დარბაიძეების ოჯახი, პოლიციის ძალით, სახლიდან გამოასახლეს. გამოსახლების პროცესს ხელს რიგითი მოქალაქეებიც უშლიდნენ, რა დროსაც დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა უძრავი ქონებაც. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე პოლიციელებთან და მედიკოსებთან ერთად, “ალტინფოს” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ალტინფოს” ერთ-ერთი წევრი მამულაშვილების სიძეა.

რა ხდებოდა გამოსახლებამდე?

გამოსახლების პროცესს წინ სასამართლო დავები უძღვოდა, რომელიც სასამართლოში თამაზ მამულაშვილის სარჩელის საფუძველზე დაიწყო.

“ჩვენ გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ დარბაიძეების ოჯახი უნდა გამოსახლდეს აღნიშნული ფართიდან და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს თამაზ მამულაშვილს”, – გვითხრა თამაზ მამულაშვილის შვილმა ლუიზა მამულაშვილმა. 

მან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად, სააღსრულებო ფურცლის ასლიც გადმოგვცა, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება. ორივე დოკუმენტში იდენტური შინაარსის ჩანაწერია გაკეთებული. 

ლუიზა მამულაშვილი ამბობს, რომ მისმა ოჯახმა აღნიშნული ფართით სარგებლობის უფლება 2018 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან “ინფო კრედიტ პლუსისგან” შეიძინა. 

“ტყუილია, რომ 3 000 დოლარის გამო გაუყიდა ბანკმა ეს სახლი, ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო ეს პროცესი. ამ პერიოდიდან მოყოლებული იპოთეკით არის დატვირთული, ერთი ბანკიდან მეორეში გადადიოდა ეს სახლი. წლები ჰქონდა ამ ოჯახს იმისთვის, რომ გამოესყიდათ სახლი. 2018 წელს იყიდა მამაჩემმა ეს სახლი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, არანაირი მევახშე მე არ ვარ”, – ამბობს ლუიზა მამულაშვილი. 

ის იმ ფაქტსაც უარყოფს, რომ ოჯახი მას ამ დროის განმავლობაში თანხას უხდიდა. 

ვის ადანაშაულებს სამეზობლო მომხდარში?

მთელი დღის განმავლობაში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლუიზა მამულაშვილის სახელი ისმოდა. ადგილზე მყოფები მას მევახშედ მოიხსენიებდნენ და თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. 

“ვეუბნებოდი, ლიზი, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, დავიაანგარიშოთ ყველაფერი და ისე გადავწყვიტოთ, რომ არც შენ დაზარალდე და არც ჩვენ”, – ამბობდა გამოსახლებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

მას მხარს უჭედნენ გარშემომყოფებიც, რომლებიც პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებოდნენ. 

“ამ ყველაფრის უკან დიდი ძალა დგას. ხოდა, თუ ხელისუფლება არ გააჩერებს მევახშეებს და ბანკირებს, ტყვიების ზუზუნი იქნება. სისტემა უნდა დაიმსხვრეს”, – ამბობდნენ ისინი. 

დარბაიძეების ოჯახის და მისი მხარდამჭერების მტკიცებით, სახლიდან გამოსახლების ლოგიკური საფუძველი არ არსებობდა, რადგან იპოთეკური სესხი, რომლითაც სახლი წლების წინ დაიტვირთა, სრულად არის დაფარული. 

“ამ ოჯახს იმაზე ორჯერ მეტი აქვს გადახდილი, ვიდრე ვალად აიღო”, – ამბობდნენ ბაგრატიონის ქუჩაზე შეკრებილები. 

დარბაიძეებს ადვოკატიც ჰყავს. მათ ინტერესებს ნათია კენჭოშვილი იცავს, რომელმაც გვითხრა, რომ მამულაშვილებმა დარბაიძეებს ისეთი ხელშეკრულება გაუფორმეს, როგორი ხელშეკრულების მსხვერპლიც ბოლო პერიოდში სხვა ოჯახებიც გახდნენ. 

“მოგეხსენებათ, რომ 2018 წლის 21 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ფიზიკურ პირს აეკრძალა უძრავი ქონების იპოთეკის უფლებით დატვირთვა ანუ „იპოთეკაში ჩადება“. ამის შემდეგ პოპულარული გახდა ხელშეკრულება ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. სწორედ ამგვარი ხელშეკრულება დაუდეს მამულაშვილებმა დარბაიძეებს”, – გვითხრა კენჭოშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმებით, თქვენ საკუთრების უფლებას გადასცემთ სხვა პირს, რომელსაც შეთანხმებულ ვადაში უხდით პროცენტს და იღებთ ვალდებულებას, რომ ამავე პერიოდში გადაუხდით მისგან მიღებულ სესხს, რომლითაც უკან გამოისყიდით ქონებას. თუ პროცენტის და სესხის დაბრუნება ვერ შეძელით ამ ვადაში, ქონება მის მფლობელობაში გადადის. 

ამავე თემაზე: როგორ გამოიყურება “ნასყიდობა გამოსყვის” ყველაზე გავრცელებული ფორმა? 

რას აპირებენ დარბაიძეები?

ამ დრომდე ბაგრატიონის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. დარბაიძეების ოჯახი ამბობს, რომ სახლის დაკარგვას არ შეეგუება. იგივეს ამბობენ ის ადამიანებიც, რომლებიც მათ მხარდასაჭერად მთელი დღე ქუჩაში იდგნენ. 

ამ ყველაფრის პარალელურად, მამულაშვილები პროკურატურისგან და პოლიციისგან მიღებული იმ წერილების ასლებს ავრცელებენ, საიდანაც ვიგებთ, რომ წარსულში ამ ორ ოჯახს შორის მომხდარ უთანხმოებებზე გამოძიებები მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.