ახალი ამბები

შიდა ქართლში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 7 პირი დააკავეს 

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი. 

დაკავებულები არიან  1980 წელს დაბადებული ზ.ხ., 1986 წელს დაბადებული გ.ლ. ასევე, წარსულში ნასამართლევები – 1957 წელს დაბადებული კ.კ., 1965 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.გ., 1981 წელს დაბადებული ნ.მ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.

“გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით, მე-7 ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 19-261-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

დატოვეთ კომენტარი