ბლოგები

როგორ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ფიჭვის მტვერი?

ავტორი: ნანა ხრიკაძე

სურამის გზაზე, ბორჯომში და ბაკურიანში ალბათ ხშირად გინახავთ გასაყიდად გამოტანილი პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული ყვითელი, ფქვილივით პროდუქტი. ბევრი ყურადღებას არც აქცევს ხოლმე, ხალხური მედიცინით დაინტერესებული ადამიანები კი ყოველთვის იმარაგებენ სეზონურად. მე  ბავშვობიდან მესმოდა ინფორმაცია ამ საოცარ პროდუქტზე, შემდეგ შეგროვებაც დავიწყე და შემოსავლის წყაროდაც ვაქციე. 

უამრავი ადამიანი მინახავს სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებული. მოდიან და უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ ხოლმე, ამიტომ მომინდა ბევრი ადამიანისთვის მეთქვა ფიჭვის მტვერის სასარგებლო თვისებების შესახებ.

რა სამკურნალო თვისებები აქვს?

სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, ფიჭვის მტვერი შემადგენლობით მდიდარია: შეიცავს ამინომჟავებს, კაროტინს, E, C, B ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს (რკინას, მარგანეცი, სპილენძი). ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ხალხურ მედიცინაში ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ, ასთმის დროს მდგომარეობის შემსუბუქებისთვის გამოიყენება.

მტვერს აქვს გამამხნევებელი მოქმედება, ხსნის დაღლილობას, აძლიერებს იმუნიტეტს, რაც მას შეუცვლელ დამხმარედ აქცევს გაციებისა და სურდოს, ტუბერკულოზის დროს.

იგი არეგულირებს ღვიძლის მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მდგომარეობას ანემიის დროს.

მტვერი, აგრეთვე, გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის –  ნივთიერება, რომელსაც იგი შეიცავს ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. მასზე დამზადებული საშუალება შვებას მოგგვრით ყაბზობის დროსაც.

როგორ მივიღოთ?

ფიჭვის მტვერი იქცევს ოფიციალური მედიცინის ყურადღებასაც: იგი გამოიყენება ბიოაქტიური დანამატის სახით, ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენების განეიტრალებისთვის. იგი გვეხმარება მძიმე ოპერაციების, სტრესისა და მძიმე დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელებაში.

ხალხური მედიცინაში მტვერი გამოიყენება სუფთა სახით, ან ყენდება სპირტში, ასევე, ასხამენ მდუღარე წყალს, ურევენ მდუღარე რძესა და კარაქს.

თუმცა, ყველაზე ხშირად გამოიყენება მტვრისა და თაფლის ნაზავი. რეცეპტი მარტივია: კარგად შეურიეთ 1 ლიტრი თხევადი თაფლი 20 გრამ ფიჭვის მტვერს (დაახლოებით 1 ს.კ.). ასეთი ნარევი აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

მტვერი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: მისგან ამზადებენ ნიღბებს, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს და დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. დამატებითი ინგრედიენტების სახით გამოიყენება თაფლი, არაჟანი, ლიმონის წვენი.

როგორ შევაგროვოთ ფიჭვის მტვერი?

ყვავილის შეგროვება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან ბევრი ყვავილის შეგროვებაა საჭირო მტვრის ასაღებად, რაც ხშირად საჭიროებს ხეზე ასვლას. ყვავილს  თავისებური ფისიანობაც აქვს და ეს  დისკომფორტს ქმნის. შეგროვების პერიოდი მაისის შუა რიცხვებში და ივნისის თვეშია, როცა მათ მწვანე შეფერილობას ყვითელი ჩაანაცვლებს და დაჭერისას სითხის გამოყოფას შეწყვეტს.

აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა ადგილას უნდა შეგროვდეს, ამიტომაც სასურველია დილით წახვიდეთ ტყეში. ყვავილები ფრთხილად მოჭერით და ჭურჭელში ჩაალაგეთ, რომელშიც სუფთა, სქელი ქაღალდი იქნება დაფენილი. შემდეგ ფრთხილად გადაანაწილეთ მშრალ ოთახში და გააშრეთ სამი  დღის განმავლობაში, მოარიდეთ სინათლესა და  ქარს. შემდეგ მტვერი მოაგროვეთ, გაცერით ჯერ საცერში, შემდეგ კაპრონის ქსოვილში. შეინახეთ მასა ჰერმეტულ ჭურჭელში.

გირჩევთ  ყვავილის ჩაიც  გასინჯოთ, ძალიან სასრგებლო და გემრიელია.

ფიჭვის მტვრის უკუჩვენებები

მიღებამდე ექიმის კონსულტაცია  გაიარეთ, როგორც ვიცი, მოხმარება არ შეიძლება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, კუჭის, ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს, სისხლდენისადმი მიდრეკილების ფონზე.  

მტვერი არაალერგიულად ითვლება, რაც მას ყვავილის მტვრის წინაშე უპირატესობას ანიჭებს. თუმცა, ეს საშუალება, ხშირად, მიიღება თაფლთან ერთად, რომელსაც ძლიერ ალერგენებს მიაკუთვნებენ.

დატოვეთ კომენტარი