ისტორიები ისტორიული ძეგლები

10 საინტერესო ფაქტი რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ

ბოლო ორი ათწლეულია, რაც საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ეკლესია-მონასტრების რიცხვი, თუმცა ამას  თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში დიდი სამონასტრო ცხოვრებაა გაშლილი.

რა ვიცით ამ ადგილების შესახებ? – მოზაიკა გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ:

ქარელის მუნიციპალიტეტში შამავალი რუის-ურბნისის ეპარქია ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის, რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასალის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. 

რუისის საეპისკოპოსო ადრე მროვის სახელით იყო ცნობილი. მროველი მღვდელმთავრებიდან ჩვენთვის ცნობილია ქართლის ცხოვრების თხზულებების ავტორი- ლეონტი, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI ს-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მის შესახებ წარწერა აღმოჩენილია ქარელის რაიონ სოფ. თრეხვში.

რუის-ურბნისის ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება ქართლის ცხოვრების თანახმად, ნინო ვიდრე მცხეთაში წავიდოდა საქადაგებლად, ერთი თვე ურბნისში ცხოვრობდა.

სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი აქაც, როგორც მთელ საქართველოში,  ასურელმა მამებმა ჩაუყარეს სწორედ თადეოზ სტეფანწმინდელს, ასურელ მამას განუახლებია V-VI სს-ში აშენებული ურბნისის ეკლესია, მასვე მიეწერება აქ წმ. სტეფანეს ეკლესიის მშენებლობა.

მიქაელ ულუმბოელი – ასურელი მამა ანტიოქიიდან ქართლში  მოვიდა VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. მიქაელი დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. ვარაუდობენ, რომ აქ მრავალი შემოსევის გამო, მისი ჩანაწეერბი დაკარგულია.აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

სოფელ ბრეთში, ქარელის რაიონში, პიროს ბრეთელის საფლავია. პიროსი ცამეტიდან ერთ-ერთი  ასურელი მამაა.როგორც საეკლესიო გადმოცემაშია ნათქვამი, „წმიდა პიროს ბრეთელმა, ღვთაებრივმა ხატმან სინანულისამან, მდიანრე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე — დაჰყო ზემო ქართლს დვანის წყალსა ზედა და აღაშენა მუნ მონასტერი თვისი, მოახლო ბრეთისა სოფლისა“.

რუის-ურბნისის ახლადაშენებული ეკლესია-მონასტრები ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების სახელებს იმეორებენ. საინტერესოა  სახელწოდებები, რომლებსაც ძამის ხეობაში პილიგრიმური ტურის დროს გზებზე შეხვდებით. ესენია: შატბერდი, ოპიზა, ბანა და სხვა.

სოფელი რუისი XI საუკუნეში ქართლის ცენტრის როლს ასრულებდა. სოფელი მრავალ ისტორიულ ფაქტს ინახავს. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის ცენტრის  როლს ასრულებდა.  გადმოცემით, ამ ადგილას პირველი ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია, თუმცა მაშინდელი ნაგებობა შემორჩენილი არ არის. სოფლის მთავარ ტაძარს დიდი წიგნთსაცავი ჰქონდა,  სადაც მრავალი ხელნაწერი ინახებოდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია XI საუკუნის რუისის სახარება. თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442).

რუის-ურბნისში ჩატარადა ცნობილი საეკლესიო კრება. კრება მოიწვია აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად. მაშინ სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი. ეს კრება დღემდე სამაგალითოდ ითვლება და იმ დროს დამკვიდრებული ზოგიერთი  წესი დღესაც მოქმედებს ქართულ ეკლესიაში.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში უნიკალური ფრესკებია. ჩვენამდე მოღწეულია თამარ მეფის ოთხი პორტრეტი ფრესკების სახით: ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში და ბერთუბანში. თითოეული თავის ისტორიას ყვება. ყინწვისში არსებული თამარის ფრესკა იდენტურია ბეთანიაში წარმოდგენილი ფრესკისა, სადაც  თამარის გარდა გვხვდებიან გიორგი მესამე და ლაშა-გიორგი. სამეფო წევრები ვედრების პოზაში არიან წარმოდგენილნი. აქაც ისევე, როგორც ვარძიაში თამარ მეფე და გიორგი III ბიზანტიელ იმპერატორთა საზეიმო კოსტიუმებით არიან მოსილნი.

ხოლო თამარის შვილს – გიორგი-ლაშას – აცვია მოკლე წელში გამოყვანილი კაბა და ზედ ქამარზე უკეთია ხმალი. მას თამარ მეფისა და გიორგი III-ს მსგავსად თავზე ადგას გვირგვინი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეფედ კურთხევის დროს აუცილებელი იყო ხმლის შემორტყმაც, მაშინ აღნიშნული ფრესკა უნდა იყოს შექმნილი ლაშა გიორგის მეფედ კურთხევის დროს, ანუ 1207 წელს.

ყინწვისის ფრესკებიდან მხატვრული ღირსებით მნიშვნელოვანია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც  შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.