“მინდა ჩემს ქვეყანას ღირსეულად ვემსახურო”, – ამბობს ნიკა მღებრიშვილი მეჯრვისხევიდან, რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უმაღლესი დაფინანსებით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ აკადემიაში ჩაირიცხა. მან გრანტისთვის საკმარისი ქულების დაგროვება სკოლაში მიღებული ცოდნით შეძლო, ისე რომ დამატებით, რეპეტიტორებთან არ მომზადებულა.
ნიკა ამბობს, რომ სამხედრო მიმართულებით პროფესიის მიღება სამშობლოს სიყვარულმა გადააწყვეტინა და მიუხედავად ბევრი სირთულისა, ოცნების ასრულება მოახერხა.
“დავძლიე საგამოცდო შიში, მღელვარება და მოვიპოვე 100%-იანი გრანტი. რა თქმა უნდა, ამან დიდი სიხარული მომიტანა არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ოჯახს, ახლობლებსა თუ მასწავლებლებს. დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა სამხედრო აკადემიაში ჩაბარება, ეს, კადემიის არაერთმა პლიუსმა და ქვეყნისათვის სამსახურის გაწევის სურვილმა განაპირობა”, – ამბობს ნიკა.
ნიკა სამომავლოდ უამრავი გეგმა და სურვილი აქვს, რომელსთა განსახორციელბლად, როგორც ამბობს, თავდაუზოგავად იშრომებს.
“ვაპირებ, მაქსიმალურად დავიხარჯო მომდევნო წლებში სწავლისას და ყველა დამატებითი შესაძლებლობა გამოვიყენო ცოდნის ასამაღლებლად, რათა მეტად გამოსადეგი ვიყო ქვეყნისთვის”, – ამბობს ის.
ნიკა ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს მიზნის მიღწევად ხელშეწყობა სჭირდებათ, თუმცა ამისთვის თავად ახალგაზრდებმაც ბევრი უნდა იშრომონ, რადგან მისი თქმით, არ არსებობს წარმატება სწავლის გარეშე.
“მინდა მივმართო მომავალ აბიტურიენტებს და ვუთხრა, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარება დიდ სიხარულს ანიჭებს ადამიანს და ამისთვის არაფერი უნდა დაიშურონ. მთავარი მაინც მონდომებაა, რადგან ადამიანი საფუძვლიანად მხოლოდ იმას აკეთებს, რაც გულით უნდა. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა ყველამ კარგად გაიაზროს, რისთვის სწავლობენ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის”, – გვითხრა ნიკამ.
ინფორმაციისთვის, NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა 100 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.