ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი მოწმობით 13 830 ლარის ქონება 1 094 060 ლარად შეაფასა

გორში უძრავი ქონების სერტიფიცირებული კერძო ექსპერტ-შემფასებელი დააკავეს, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შიდა ქართლში ერთი პირი დააკავეს. დაკავებული უძრავი ქონების სერტიფიცირებული კერძო ექსპერტ-შემფასებელია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.