3 სექტემბერს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდინათკარში ამ სოფელზე წლების განმავლობაში მომზადებული ჟურნალისტური მასალების ფოტო-გამოფენა მოეწყობა.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი აღნიშნულ სოფელში არსებული მდგომარეობის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა.
“მედიები, ერთობლივი ძალისხმევით, წარმოგიდგენენ ზარდიანთკარს, ეგრეთ წოდებული გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს, სადაც დღესაც ყველაფერი 2008 წლის კონდიციაშია. თითო ჟურნალისტური ნამუშევარი ქცეულია ერთ ფოტოდ, რომელიც ასახავს ერთ ამბავს, წარმოადგენს ერთ სიუჟეტს. წლების განმავლობაში ათეულობით ჟურნალისტური მასალა დაგროვდა, რაც მხოლოდ ზარდიანთკარს ეხება, მისა და იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს ეხება და ასახავს. მიუხედავად ამისა, ზარდიანთკარზე ფოკუსი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აქ, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან არსებული სოფლის მცხოვრებლების მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ზარდიანთკარში ფოტოებად ქცეული, ჟურნალისტური მასალების გამოფენით, გვინდა, წამოვწიოთ და კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები, საქართველოს მეციხოვნეები, იმსახურებენ ღირსეულ მოპყრობასა და იმ დაპირებების შესრულებას, რასაც მათ მიმართ წლების განმავლობაში გასცემდა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი, თუ უწყება. 2008 წლის ომის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში ზარდიანთკარის პრობლემატიკის ასახვაზე უამრავი მედია და ჟურნალისტი მუშაობდა. ის საკითხები, რაც ნამუშევრები იყო აქცენტირებული, დღესაც რელევანტურია. საქართველოს იურისდიქცია ზარდიანთკარში 2012 წელს აღდგა. ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ, მშობლიურ კერას დაბრუნებოდნენ. მიუხედავად ამისა, დამწვარი, დაბომბილი, ომით დაზიანებელი სახლების საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანა ზარდიანთკარელებისთვის დაუძლეველი პრობლემა აღმოჩნდა. მათი სახლები დღესაც ისევეა ომის შედეგად დაზიანებული, დღესაც ისევე ჩადის წვიმის წყალი, დღესაც ისევეა დამწვარი იატაკები, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში იყო. იმედს ვიტოვებთ, ზარდიანთკარში მოწყობილი ფოტოგამოფენა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიმართ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებები შესრულდეს და მათი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დასრულდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მედიები ავრცელებენ.