ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში, ადგილობრივებმა სკოლის მშენებლობის გაჭიანურება და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გააპროტესტეს. სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს.
მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ სამუშაოები ნელი ტემპით და უხარისხოდ მიმდინარეობს, რასაც კონკრეტული ფაქტები ადასტურებს.
“აი, ნახეთ, ორი კარი რომ გაიღება, ერთმანეთს შეასკდებიან ბავშვები. ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული და პატრონი არ გვყავს. ჯერ ამ სამუშაოებს დასასრული არ უჩანს. ბავშვებს დავატარებთ მეზობელი სოფლის სკოლებში. აღარ შეგვიძლია, მესამე წელია ამ დღეში ვართ, დაგვეხმაროს ვინმე ხომ შეიძლება?”,-ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ახალსოფელში სკოლის შენობის მშენებლობის სამუშაოებს კომპანია “აქსონი” , მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს, რომლისთვისაც 1 400 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არის დღეები, როდესაც მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.
სამუშაოების ხელმძღვანელი შალვა მჭედლიძე ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაციის დიდი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ცოტა ხნის წინ შეიტყო რომ შიდა სივრცეში კიბე ავარიულია, რაც პროცესს აჭიანურებს.
“სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდება, შიდა კიბე ავარიულია, რაც დამატებით სამუშაოებს მოითხოვს”, – ამბობს შალვა მჭედლიძე.
მშობლები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა მშენებლობის ტემპი დაჩქარდეს.