არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის მიზნით გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან, რაც დაახლოებით 120,000 ტონაა, საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტულია და გადამუშავდება.
“სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – ამოქმედდა ახალი სახელმწიფო პროგრამა. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ჩვენ 10 თეთრის ოდენობით დავეხმარებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.