ახალი ამბები

მწვრთნელის შეცვლას არ ვაპირებთ – ჯოხაძის კომენტარი „დილას“ წარუმატებელ მატჩებზე

გორის „დილას“ მიჯრით წაგებულმა მატჩებმა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი „დილას“ წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლუბის მთავარ მწვრთნელ, ანდრეი დემჩენკოს ასახელებს და გუნდიდან მის გაშვებას მოითხოვენ.

„დილას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯოხაძე განმარტავს, თუ რა არის წაგებული მატჩების მიზეზი.

“თავიდანვე გეტყვით, რომ „დილა“ დემჩენკოს განთავისუფლებას არ აპირებს. უკრაინელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. რაც შეეხება მიჯრით წაგებულ მატჩებს, ამაში მხოლოდ მთავარი მწვრთნელი არ არის დამნაშავე. წარუმატებელი სერია განპირობებულია კლუბის სუსტი სელექციითა და წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვით”.

შეგახსენებთ, რომ გუნდი ვაგნერ გონსალვეშმა, პაატა ღუდუშაურმა და ნიკა გაგნიძემ დატოვეს და როგორც ჯოხაძე ამბობს,  მათი სრულფასოვანი ჩამნაცვლებლების პოვნა გუნდმა ვერ შეძლო.

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხის გამოსწორება და დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებაა. კლუბის მთავარი მიზანი, ევროტურნირების ზონაში მოხვედრა, ისევ ძალაშია და დარჩენილ 13 ტურში მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებთ”, – თქვა ჯოხაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები