სტატიები

მოვუფრთხილდებით, მოვუვლით – ქორდში, ახალგაზრდები სკვერის მოწყობას ითხოვენ

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ადგილობრივები დასასვენებელი სივრცის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელს სჭირდება სკვერი, სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებას.

“ჩვენს სოფელში, ვისაც გინდა ჰკითხო, ყველა გეტყვით, რომ სკვერის არსებობა აუცილებელია. თუ გაკეთდება, ეს სივრცე გახდება არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, სადაც დაისვენებენ, ისაუბრებენ და შესაძლოა სოფლისთვის სასიკეთო ამბებიც განვიხილოთ”, – გიორგი ლომოური.

ახალგაზრდები მზად არიან შესაბამის უწყებას ინიციატივითაც მიმართონ.

“სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდები მოგეხსენებათ, რომ ისედაც ბევრ რაღაცას ვართ მოკლებულნი. აქ არ გვაქვს შესაძლებლობა საღამო განსხვავებულ გარემოში გავატაროთ მეგობრებთან ერთად, დავსხდეთ, ვისაუბროთ, აზრები გავცვალოთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ქორდს ჰქონდეს მოწესრიგებული სკვერი, რომელიც ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გახდებოდა. სოფელს აქვს ტერიტორია, სადაც ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია. ზაფხულში განსაკუთრებით იგრძნობა გასართობი სივრცეების საჭიროება, ამიტომ იძულებულები ვართ, სხვა სოფელში გადავიდეთ”, – ლუკა ჯალაბაძე.

მოსახლეობის სურვილია სკვერი ახალგაზრდული ცენტრის გარე სივრცეში მოეწყოს. ამბობენ, რომ ცენტრი უფუნქციოა და ამის შემდეგ შესაძლებელია, ამ სივრცესაც მოეძებნოს დატვირთვა.

“ჩვენს სოფელს აქვს ახალგაზრდული ცენტრი, რომლის გარე სივრცეც კარგი ადგილი იქნებოდა სკვერის მოსაწყობად. ჩვენ ახალგაზრდები ვიზრუნებთ იმაზე, რომ სკვერი იყოს მოწესრიგებული, არ დააზიანონ ინფრასტრუქტურა. როგორც ახალგაზრდები, ასევე ჩვენი დედების და მამების თაობა ვთანხმდებით იმაზე, რომ სოფელს დასასვენებელი სივრცე სჭირდება”, – ანა ჯალაბაძე.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.