ახალი ამბები

გორის მერიამ არ იცის ვინ დაყარა სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაგავი

გორში, კვერნაქის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ინერტული ნარჩენის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა გაავრცელა.

მან ამის შესახებ გორის მერიას წერილობით მიმართა. უწყებაში განმარტეს, რომ ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა არ იციან ვინ დაყარა ნაგავი, შესაბამისად ვერ ახორციელებენ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

“მერიამ მოგვწერა, არ ვიცით ვინ დაყარა და არც შესაბამისი ნებართვა გაგვიციაო, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ველოდებით 30 000 ლარიანი საჯარიმო ქვითრის ასლს. რთული დასადგენი არ უნდა იყოს, ვინ დაგვაყრიდა მთელ ქალაქს, ამ ოდენობის სამშენებლო (და არამხოლოდ) ნაგავს”, – ამბობს მერებაშვილი.

გორის მერიაში განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ინფორმაცია კვერნაქის დასახლებაში დაყრილი ინერტული მასალების თაობაზე, თუმცა არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ განათავსა ინერტული ნარჩენები ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, არ არსებობს უფლების მინიჭების თაობაზე რაიმე სახის აქტი ან/და ნებართვა, რაც გაცემული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან. რაც შეეხება რეაგირების განხორციელების საკითხს, გორის მერია უახლოეს მომავალში, ინერტული ნარჩენების განთავსების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გეგმავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას”, – ნათქვამია მერიის წერილში.

ალექსი მერებაშვილის თქმით, მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული ნაგავი ერთ-ერთი კომპანიის მიერაა დაყრილი.

დატოვეთ კომენტარი