ადამიანები ისტორიები

ყვითელგულიანი საზამთრო შინდისიდან – ლერი სანებლიძის მეურნეობა 

ლერი სანებლიძე ფერმერია, რომელსაც საზამთროს მეურნეობა სოფელ შინდისში აქვს გაშენებული. მას საზამთროს ორნაირი – წითელ და ყვითელგულიანი ჯიშები მოჰყავს.

“საზამთროს ორნაირი ჯიში მომყავს, წითელგულიანი და ყვითელგულიანი. წითელგულიანი საზამთრო არის ტრადიციული და ყველაზე გავრცელებული საქართველოში, მაგრამ ყვითელგულიანი ძალიან იშვიათია და საქართველოში ჩემს გარდა მხოლოდ ერთ ადამიანს მოჰყავს.”

ლერის საზამთროს მეურნეობა ფართო არეალზე, 1 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული და მოსავალსაც უხვად იღებს, თუმცა ამის მიუხედავად ხილს მაინც ადგილზევე ჰყიდის. 

“მიუხედავად ამ პროდუქტის უნიკალურობისა, მისი გასაღება მაინც ძალიან რთულია და არსად ჩაბარება არ მიღირს, დაბალი ფასებიდან გამომდინარე. ჩემს პროდუქტს აქვე, შინდისში ვყიდი და სიმართლე გითხრათ, საზამთროს გასაღების სხვა გზებს აღარ ვეძებ, რადგან სოფლის მეურნეობას ჩვენს ქვეყანაში არც ისე კარგი დღე უდგას და ფერმერს ბევრი არჩევანი არ გააჩნია”, – გვეუბნება ლერი.

საზამთროს გარდა, ლერის სხვა ხილიც მოჰყავს და როგორც გვეუბნება, მომავალში მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე