ადამიანები ისტორიები

“არც ჩემია ნაკლები” – მანანა ბიბილურის ნაზუქის ცხობის 15 წლიანი ისტორია

სურამში ნაზუქების გამოცხობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. აქაურებს თუ ჰკითხავთ, ბევრ საინეტესო ვერსიებს მოისმენთ. ზოგმა ჯერ პურის ცხობა დაიწყო, შემდეგ ნაზუქის; თავიდან სახლში აცხობდნენ და გზის პირზე აჰქონდათ გასაყიდათ, რომ დასავლეთისკენ მიმავალ, ან მომავალ მგზავრებს შეეძინათ; შემდეგ ჯერ ერთი თონე გაჩნდა, მერე მეორე და ასე, ნელ-ნელა ათეულობით ასეთი ობიექტი გაიხსნა სურამის საავტომობილო გზის ორივე მხარეს.

25 წლის წინ მანანა ბიბილურმაც ასე დაიწყო თავის საქმე. 4 შვილის დედა სახლში შოთის პურს აცხობდა და ყველთან ერთად ჰყიდდა. შემდეგ მეუღლესთან ერთად თონე დადგა და ბოლო 15 წელია ნაზუქს აცხობს.

“სანამ ახალგაზრდა ვიყავი, დილით ადრე ვახურებდი თონეს, ახლა ცოტა ასაკში ვარ და დილით ვეღარ მოვდივარ. 15 წელია, ამ თონეში ნაზუქი ცხვება. რთული კია, გნსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ მიჩვევაა ყველაფერი, აქ ვარ მოჯაჭვული, რადგან შემოსავლის წყაროა”, – ამბობს მანანა ბიბილური.

მანანა დილას თონის გახურებით იწყებს. შემდეგ ცომს ზელს, გუნდებს აკეთებს და ვიდრე ცომი მზად იქნება, თონეს აფიცხებს. გუნდებს ხელში მთვარის ფორმას აძლევს ქიშმიშებს გადააყრის, გადაახვევს და გავარვარებულ თონეში აკრავს, ერთი, ორი, სამი და ასე, თონეც ივსება.

ღიმილიანი სახით, მანანა იმასაც გვიმხელს ამ ნაზუქის მოსამზადებლად, რა რაოდენობის პროდუქტია საჭირო.

“1 თონე ნაზუქისთვის, 7 კილოგრამი ფქვილი, 10 კვერცხი, 3 კილოგრამი შაქარი, 1 ქილა მაწონი, 1 ქილა წყალში გახსნილი შესქელებული რძე, 300 გრამი ზეთი და ქიშმიში, 2 ჩაის კოვზი ვანილი, 2 ჩაის კოვზი მიხაკი, ილი და დარიჩინი”, – გვიყვება ის.

მანანამ ფარდულის წინ საკუთარი ხელით დამზადებული აბრა დადგა წარწერით, “არც ჩემია ნაკლები”. ამბობს, რომ ყველა სახელზე ან ნაზუქის გემოვნურ თვისებებზე აკეთებდა აქცენტს, მან კი საკუთარი პროდუქტის დარეკლამება ასე გადაწყვიტა.

ვერც სახელს დავაწერდი ჩემსას და ვერც იმას, რომ გემრიელია. ამიტომ დავაწერე, სხვაზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არავიზეა მეთქი, გაამართლა, წლების განმავლობაში მყავს ერთგული კლიენტები, რომლებიც სხვაგან არასდროს მიდიან”, – აღნიშნავს მანანა.

მანანა საუბრის ბოლოს გვიმხელს, რომ ის წარმოშობით გორიდანაა, ქვემო არცვიდან, სწავლის დასრულების შემდეგ სურამში გაანაწილებს პრაქტიკებზე, მომავალი მეუღლეც სწორედ აქ გაიცნო და მას შემდეგ მისი საცხოვრებელი დაბა სურამია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.