ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სკოლის და სამკითხველოს დაარსება ქართველ საზოგადო მოღვაწეს, ნინო ტატიშვვილ-ყიფიანს უკავშირდება.
ნინო ტატიშვილი თავად თბილისიდან იყო, მაგრამ ბავშვობაში ხშირად ჩადიოდა ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის ოჯახში. მან იქ წერა-კითხვა, ფრანგული ენა და მუსიკა შეისწავლა და შემდეგში ის დიმიტრი ყიფიანის ვაჟზე, მსახიობ კოტე ყიფიანზე დაქორწინდა.
ნინომ ქვიშხეთში დაიწყო ცხოვრება. ის იყო მწერალი და მთარგმნელი. ეხმარებოდა შეჭირვებულ მოსახლეობას. ზაფხულობით ქვიშხეთში სცენის მოყვარულებთან ერთად ყიფიანების სახლში რეპეტიციებს მართავდა, აწყობდა წარმოდგენებს გლეხებისთვის, ეხმარებოდა ღარიბ მოწაფეებს, სტუდენტებსა და სოფლის მასწავლებლებს.
ნინო იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. დააფუძნა საზოგადოება “იმედი”, რომლის შემოსავლის წყარო სასადილო იყო. შემოსული თანხებით ქართულ თეატრს და სტუდენტებს ეხმარებოდა.
მისი ინიციატივით, 1907 წელს ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად, დაარსდა ქალთა კომისია, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღებაში დახმარების გაწევა იყო. კომისია ჩეხეთის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების “მატიცას” ანალოგიით შეიქმნა.
ნინო ყიფიანის წერილები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. თანამშრომლობდა “ნაკადულთან”. 1914 წელს ეკატერინე გაბაშვილთან, ანასტასია თუმანიშვილთან და განდეგილთან – დომინიკა ერისთავთან ერთად იმოგზაურა აჭარაში და ქართველი მაჰმადიანი ქალების ყოფას და მათი განათლების აუცილებლობას არაერთი წერილი მიუძღვნა.
ფრანგულიდან თარგმნიდა საბავშვო მოთხრობებს. თარგმნა ცნობილი ისტორიული რომანი „სპარტაკი“ და ფრანკოს მოთხრობა „ნაძირალანი“.
1923 წელს თავის სიცოცხლეშივე ნინომ ყიფიანების ქვიშხეთის სასახლე მწერალთა კავშირს გადასცა. ამჟამად, ამ სახლში ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.
ნინო ტატიშვილი გარდაიცვალა 1937 წელს. დაკრძალულია ქვიშხეთში, ყიფიანების საგვარეულო ეკლესიის ეზოში.