ადამიანები ისტორიები

შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის – გორელი მკლავჭიდელი ლევან მახათაძე

ლევან მახათაძე გორელი ახალგაზრდაა, რომელსაც ბავშვთა ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი ადრეულ ასაკში დაუსვეს.

აღნიშნული დიაგნოზის გამო ლევანს უჭირს დამოუკიდებლად გადააგილება და სარგებლობს ეტლით.

მიუხედავად დიაგნოზისა, ლევანი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და სხვადასხვა პროექტშიც მონაწილეობს

ამჟამად, 23 წლის ახალგაზრდა კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში სპორტული აქტივობების სპეციალისტად მუშაობს და სხვა ახალგაზრდებს სპორტის პრაქტიკულ და თეორიულ გაკვეთილებს უტარებს.

მოზაიკასთან საუბრისას ლევანი ამბობს :

“ჯერ მშობლებს უნდა ვუთხრათ, რომ შვილები არ ჩაკეტონ სახლში და არ მოახდინონ მათი იზოლირება საზოგადოებისგან. მე თუ თავს საზოგადოებაში დამკვიდრებულად ვთვლი, ეს პირველ რიგში ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომელმაც მომცა შანსი და მიბიძგა იმისკენ, რომ მე ცხოვრებაში მიზნები მქონოდა. ხოლო ადამიანებს, ვისაც ჩემნაირი პრობლემები აქვთ, მინდა ვუთხრა, რომ მთავარია მოტივაცია და ის, რომ არ სცხვენოდეთ საკუთარი თავის საზოგადოებაში გამოჩენის. იპოვონ სკაუთარი ინტერესები, მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად.

ლევანი, გარდა იმის, რომ სპორტული აქტივობების სპეციალისტია, მკლავჭიდელიცაა და მის კარიერაში არის ლოკალური წარმატებებიც.

„გორის დღეები როცა ტარდება, ყოველთვის ვიღებ ხოლმე მკლავჭიდის ტურნირში მონაწილეობას. პირველი ადგილი ჯერ ვერ მოვიპოვე, მაგრამ მეორე და მესამე ადგილებზე ხშირად გავსულვარ. ახლა ძალიან მინდა და ვგეგმავ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას და იქ წარმატების მიღწევს.”

ლევანს ძალიან უყვარს ფეხბურთი და თუ თავისუფალი დრო აქვს, ყოველთვის ესწრება გორის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე მატჩებს.

„ისევ და ისევ იმას ვიტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებოს, მთავარია მშობლებმა და შვილებმა თანაბრად გაიაზრონ ეს. ძალიან მინდა და ვიბრძვი იმისთვის, რომ ეტლით სარგებლობა აღარ დამჭირდეს და მხოლოდ ყავარჯნებს დავჯერდე უახლოეს მომავალში. მთავარია რწმენა და აუცილებლად ყველაფერი გამოვა“

დატოვეთ კომენტარი
ტეგები