ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ ვერხვი, რომელიც გორის გასასვლელში, სამხარეო პოლიციის წინ დგას. სწორედ მის საპატივცემულოდ ჰქვია ამ დასახლებას ვერხვები.
აღსანიშნავია, რომ ვერხვს, რომელიც 200 წელზე მეტისაა, ბუნების ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, თუმცა ის ამ დასახლების და ზოგადად გორის სიმბოლო და ერთ-ერთი სავივიზიტო ბარათია.
“ეს ვერხვი ამ ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან დგას. გორში, ამ დასახლების სიმბოლოსავით არის ქცეული”, – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი ლალი ტაბატაძე.
მისი თქმით, მოქალაქეებში ხელმოწერების შეგროვების იდეაც არსებობს, რათა ერთობლივი განცხადებით ვერხვისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვონ.
“წლების განმავლობაში არც შემოღობილი იყო და არც განათებული და ღამე უამრავი ავარია ხდებოდა ხოლმე. შემდეგ ძლივს მოახერხეს, რომ შემოეღობათ და გაენათებინათ. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქალაქის ცოცხალი მატიანეა და კარგი იქნებოდა, მისთვის ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. იგეგმება, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება მისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე”, – გვითხრა ტაბატაძემ.
200 წლოვანი ხე ამჟამად სპეციალური ფილებით არის შემოსაზღვრული და ამ ფილების გადაკვეთა მოქალაქეებისთვის აკრძალულია.