საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და 21 წლის რეზი ლომსაძის მკვლელობაში ბრალდებულ ლ. ი.-ს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.