2008 წლის აგვისტოს ომს ჰყავს გმირები, რომლებსაც იარაღით არ უბრძოლიათ, მაგრამ ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ და საკუთარი სიცოცხლე სხვების გადარჩენას შეწირეს. ესენი არიან ექიმები, რომლებმაც მრავალი სამხედროს სიცოცხლე იხსნეს. ასეთი თავგანწირვა გვიჩვენა სწორედ გიორგი აბრამიშვილმა, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა ქვეყანას და პროფესიას. მან სამხედრო ჰოსპიტალი იქამდე არ დატოვა, ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა.
აბრამიშვილი წარმოშობით სიღნაღიდან იყო, მაგრამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმ ტრამვატოლოგად. გიორგი აბრამიშვილისთვის აგვისტოს ომი პირველი არ იყო, ის ეუთოს მისიებში იღებდა მონაწილეობას. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა შინიდან ომში გაეპარა მეუღლეს და 3 თვის ტყუპებს.
„პირველად ორი თვით იყო წასული, მეორედ სამი თვით. ღვთის წყალობით, მშვიდობით დაბრუნდა. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ ექიმის დამხმარედ იყო წასული, არადა, ომში ჩვეულებრივად იბრძოდა”, – იხსენებს მეუღლე ნანა გვერდწითელი.
ბოლოს გიორგი ოჯახს 11 აგვისტოს ესაუბრა, როგორც მისი მეუღლე გვიყვება, გიორგიმ ოჯახი დაამშვიდა, უთხრა, რომ არაფერი არ ხდებოდა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა.
“ბავშვები წავიყვანე ზღვაზე და მხოლოდ ტელეფონით მქონდა ურთიერთობა, სულ გვამშვიდებდა. ბოლოს 11 აგვისტოს ვესაუბრეთ, როგორც ამბობენ და გადმოცემით ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა. გოგა ჰოსპიტალში დარჩა. ჩემი მშობლები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ არ წავიდა მათთან. მასთან ერთად, ჰოსპიტალში ერთი ექიმი ქალი და რენტგენოლოგი იყვნენ დარჩენილი, რომელიც 12 საათზე წასულა. გოგა პატრონობდა ჰოსპიტალს, ყველაფერს უვლიდა და ყველაფერს ინახავდა. შემდეგ ჰოსპიტალში მისი 4 თუ 5 თანამშრომელი მისულა, ეზოში ჩასულა, მათთვის დავალებები რომ მიეცა, ედარაჯათ და არ გაძარცვულიყო ჰოსპიტალი. მათ რომ ესაუბრებოდა, ერთ-ერთს უთქვამს, დავწვეთ, რაღაც შრიალის ხმა ისმისო… გოგა ფეხზე იდგა და ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა თავში. ნაღმი ჩამოაგდეს ეზოში, შენობის სახურავზეც, მაგრამ იქ არ აფეთქდა. გოგამ ჩააბნელა თვითონ ჰოსპიტალი, სინათლე არსად ენთო და ძალიან გაუჭირდათ დანახვა, ვინ დავარდა”, – იხსენებს ნანა.
გმირი ექიმი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2013 წლიდან სამხედრო ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.
წყარო: წიგნი “გმირი”