ადამიანები ისტორიები

აგვისტოს ომის გმირები კასპიდან

კასპის მუნიციპალიტეტს სამი გმირი ჰყავს აგვისტოს ომიდან. იოსებ ბეჟუაშვილი, გელა თიგიშვილი და კახა კოშაძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი.

იოსებ ბეჟუაშვილი

სოსო ბეჟუაშვილი კასპის რაიონში, სოფელ აღაიანში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას თავდაცვის აკადემიაში აპირებდა, მაგრამ, ბედად, იმ წელს მიღება არ იყო, სხვაგან საბუთების შეტანის დროც აღარ დარჩა, ამიტომ ღვინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ სავალდებულო ჯარმა მოუწია და იქ წავიდა, დასრულებისთანავე კი კონტრაქტს მოაწერა ხელი და დარჩა სამხედრო სამსახურში.

ბეჟუაშვილი 8 აგვისტოს პირველი დაბომბვის შედეგად დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან, მაშინ ის 20 წლის იყო. მისი გარდაცვალების შესახებ რამოდენიმე ვერსიაა. ამბობენ, ბენზინის ცისტერნა აფეთქდაო, ზოგი ამბობს, ბენზინგასამართი სადგური იყო, რაც დაბომბესო. ის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

გელა თიგიშვილი

ცხინვალთან, რუსეთის საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა გელა თიგიშვილიც. წოდებით უმცროსი სერჟანტი სოფელ კოდისწყლიდან იყო და ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ჯერ უზრუნველყოფის ბატალიონში დაიწყო მუშაობა, მერე კავშირგაბმულობაში გადავიდა. 14 წლის რომ იყო, თბილისში წამოვიდა სოფლიდან. ფიზკულტურულზე სწავლობდა. სავალდებულო სამსახურში უკრაინაში გაიწვიეს. წელიწადი და 6 თვე თბილისში იმსახურა. აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. კოსოვოც მოიარა.

გელა თიგიშვილი ცხინვალთან მოწინავე პოზიციაზე მდგარი თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა. არავინ იცის, სნაიპერმა იმსხვერპლა თუ ჭურვმა. ბიჭებმა ის უკანასკნელად ბრძოლის ველზე გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ცხელი წერტილიდან ვერ გამოიყვანეს. ოჯახმა ის უნახავად დაიტირა. ბოლო საუბარი მეუღლესთან 7 აგვისტოს ჰქონდა.

კახა კოშაძე

აგვისტოს 11, შინდისი – ეს იყო ბოლო ბრძოლა კახა კოშაძისთვის. ის 22 წლის იყო და მტერთან შეტაკებისას, 16 თანამებრძოლთან ერთად დაიღუპა.

კახა ხოვლეში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაშიც იქ სწავლობდა. ამბობენ, რომ კარგი მოსწავლე იყო. ხელმარჯვე ბიჭს ერთხელ საკუთარი კლასიც გაურემონტებია, შეუღებავს და მერხები დაუჭედებია. კახას რკინის კაცის წოდება ჰქონდა, ასი კაციდან ორმა აიღო ეს წოდება.

კახა კოშაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ, სტომატოლოგიურზე ჩააბარა. მერე ჯარში გაიწვიეს. ჯარი სულ 3 თვის მოვლილი ჰქონდა და ისევ ჯარში წავიდა კონტრაქტით.

კახა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

დატოვეთ კომენტარი