ადამიანები ისტორიები

აგვისტოს ომის გმირები ზეღდულეთიდან

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში 213 ახალგაზრდა დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ადამიანები გორის მუნიციპალიტეტიდან, კერძოდ ზეღდულეთიდან.

ნებისმიერმა ადგილობრივმა მოსახლემ იცის არჩილ ბერიანიძის, მიხეილ ცერცვაძის და ლევან მანძულაშვილის ისტორია. მათი სულების უკდასაყოფად სოფელში მემორიალიც დაიდგა. ამბობენ, რომ მომავალი თაობა ვალდებულია იცოდეს თითოეული მათგანის ისტორია.

სერჟანტ არჩილ ბერიანიძეს მისი ძმიშვილი მედეა ბერიანიძე იხსენებს.

“1992 წელს თავისი სურვილით წავიდა გორის სატანკო სავალდებულო ჯარში, გული სამხედო სამსახურისკენ უწევდა და ძალიან იყო შეყვარებული თავის სამშობლოზე. 1994 წელს დაამთავრაა სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმავე წელს, გორის სატანკო სასწავლო ცენტრში დაიწყო მუშაობა. ეს არ იყო მისთვის პირველი ომი, ის ასევე მონაწილეობდა 1993 წლის ომშიც, მაშინ 21 წლის იყო”, – გვიყვება ის.

ბერიანიძე 9 აგვისტოს რუსების მიერ გორის სატანკო ნაწილის დაბომბვის დროს დაიღუპა, მაშინ არჩილი 36 წლის იყო.

“როცა რუსებმა პირველი ბომბი ჩამოაგდეს, ჩემი თვალით დავინახე. მაშინ 9 წლის ვიყავი, რას წამოვიდგენდი, რომ ერთ – ერთი სწორედ ძიას სიცოცხლეს შეიწირავდა. დედამ თბილიში წაგვიყვანა მე და ჩემი ბიძაშვილი, თუმცა ისევ უკან დაბრუნება მოუწიათ, არ ვიცოდი, ძია რომ დაიღუპა, მე არ მითხრეს, სამწუხაროდ, შემდეგ გავიგე”, – ამბობ მედეა.

ბერიანიძე ღირსების ორდენით არის დაჯილდობული.

ზეღდულეთს აგვისტოს ომიდან კიდევ ერთი გმირი მიხეილ ცერცვაძე ჰყავს. ცერცვაძე 2007 წლიდან სამხედრო სამსახურში მუშაობდა. არჩილის მსგავსად, ისიც ნაწილის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

“ომის დაწყების დღიდან არ წყვეტდა კონტაქტს ოჯახთან. 9 აგვისტო თენდებოდა, როცა მის ტელეფონზე რეკვა დავიწყე, მაგრამ არ მპასუხობდა. მამისგან გავიგეთ, რომ სწორედ ის ნაწილი დაბომბეს, სადაც მიშა იყო. ავფორიაქდით ყველა, დავიწყეთ აქეთ-იქიდან დრეკვა, შემდეგ გავიგეთ, რომ დაჭრილი იყო. 9 აგვისტოს დაიჭრა, 22 აგვისტოს გარდაიცვალა. მთელი ის დრო, უგონო მდგომარეობაში იყო”, – გვიყვება მისი და ნათია ცერცვაძე.

სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყეტილებით, ახლა ზეღდულეთის საჯარო სკოლა არჩილ ცერცვაძის სახელს ატარებს.

“თავდაპირველად, როცა სკოლას ჩემი ძმის სახელი მიენიჭა და კედელზე მისი სახელი ამოვიკითხე, ვერ გეტყვით, რა დამემართა, სიხარულისა და სიმწრის ცრემლი ერთმანეთში ირეოდა. კიდევ უფრო ამაყი და მედნიერი ვარ იმით, რომ მიხეილ ცერცვაძეს უამრავი მოსწავლე გაიცნობს და მისი სახელი უკვდავი იქნება”, – ამბობს ნათია

კიდევ ერთი ახალგაზრა, ვინც 2008 წლის ომს ემსხვერპლა, ლევან მანძულაშვილია. ის 11 აგვისტოს სოფელ ზემო ხვითთან დაიღუპა, მაშინ 25 წლის იყო. მისი დედის, ნუნუ მანძულაშვილის თქმით ოჯახმა კვირების განმავლობაში არ იცოდა შვილის ადგილსამყოფლი.

“ძალიან უნდოდა ჯარისკაცობა არ ვუშვებდით, მაგრამ ჩუმად წავიდა. 11 აგვისტოს დაიღუპა. ჩემი შვილი იქაურმა ხალხმა ნახა დაღუპული და ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ჩვენ დიდხანს ვეძებდით, არც ცოცხალი ჩანდა და არც მკვდარი. ბოლოს გაგვაგებინეს, რომ გარდაცვლილი იყო”, – გვიყვება ლევანის დედა.

ლევანის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან 31 აგვისტოს საპატრიარქოს დახმარებით გადმოვასვენეს.

“იყო გმირის ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, საამაყოა. მე, როგორც დედა, გეტყვით, რომ როგორც გული მტკივა შვილის დაკარგვით, ამდენად ამაყიც ვარ ჩემი შვილის გმირობით”, – ამბობს ნუნუ მანძულაშვილი

2019 წელს ადგილობრივებმა მათივე ინიციატივით, გმირების სახელზე სოფელში მემორიალური სკვერი მოაწყეს. მემორიალის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.