ანალიტიკა / გამოძიება

“საფლავისთვისაც აღარ დაგვრჩა მიწა” – ზეღდულეთელები პროტესტს არ წყვეტენ 

ზეღდულეთში მოსახლეობამ საძოვრების გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ისინი იმ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც წლების წინ გასხვისდა. მოსახლეობას საკუთარ მოთხოვნაზე საუბარი გორის მერთან სურდათ, თუმცა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არც სოფელში ჩავიდა და მოგვიანებით, არც გორში ჩამოსულ ზეღდულეთელებს შეხვდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელი საძოვრების გარეშეა დარჩენილი. ისინი მთელი დღის განმავლობაში იხსენებდნენ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინასაარჩევნო დაპირებას იმის შესახებ, რომ სოფელს საძოვრების პრობლემას მოუგვარებდნენ.

ამ დაპირების შესახსენებლად, აქციის მონაწილეები სოფლიდან გორში ფეხით ჩამოვიდნენ.

“ამდენი ხალხი ჩამოვედით აქ და ჩამოვიდეს მერი და დაგველაპარაკოს”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

მათ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სადაო ტერიტორიის მეპატრონემ ზეღდულეთელებს სასამრთლოში უჩივლა და მათ ამის გამო, ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. არსებული ინფორმაციით დაჯარიმდა 13 ადგილობრივი, რადგან  კერძო მესაკუთრის მიწაზე იყვნენ შესულები. 

სოფლის მოსახლოებას გორის მერის ნაცვლად მოადგილე, თამაზ შიოშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, აბიკო აბესაძე შეხვდნენ. ზეღდულეთელები მერიის წინ მათ სიტყივერად დაუპირისპირდნენ.

 “ხომ აგირჩიეთ, ხომ მოგიყვანეთ ხელისუფლებაში, რატომ არ დაგვიბრუნეთ მიწები?!”. 

“ხომ გვპირდებოდით, რომ საძოვრებს დაგიბრუნებთო, რატომ მოგვატყუეთ? ვინმე რომ გარდაიცვალოს, დასამარხათაც აღარ დაგვრჩა მიწა, საძოვრებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია”,– ამბობდნენ მოქალაქეები.

გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. 

“ჩვენ არავინ მოგვიტყუებია. ჩვენ ვიცოდით, რომ შეიქმნებოდა დამოუკიდებელი სასამრთლო და გაასაჩივრებდა მოსახლოება მიწის გაყიდვას. ეს საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა შიოშვილმა. 

აქციის მონაწილეეებმა ასევე განაცხადეს, რომ თუკი ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ისინი საპროტესტო აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ. 

“ისე ნუ იზამთ, რომ ზეღდულეთში ვეღარ ამოხვიდეთ. ფეხს აღარ დაგადგმევინებთ იქ. წავალთ და კანცელარიასთანაც დავდგებით”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები. 

ინფორმაციისთვის, სადაო მიწის ნაკვეთი, საუბარია 75 ჰა მიწაზე, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. წლების განმავლობაში მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ერთ-ერთი ბოლო აქცია ზეღდულეთელებმა რამდენიმე თვის წინ გამართეს, მაშინ მფლობელი ადგილობრივებს სთავაზობდა მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილის უფასოდ დათმობას, თუმცა სოფლის მოსახლოებამ ამაზე უარი განაცხადა. 

დატოვეთ კომენტარი