ავტორი: სალომე გელდიაშვილი
ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს სკოლის დამთავრება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება.
სკოლასთან გამომშვიდობების შემდეგ პირისპირ დგები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენი ცხოვრება და რაობა. სწორედ, ასეთ მომენტში მივიღე ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ავირჩიე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. გამოვუცხადე სრული ნდობა და მივანდე ჩემი, ერთი უბრალო გოგოს მომავალი, რომლის მთავარ მიზანსაც ცოდნის მიღება და შემდეგ მისი საზოგადოებაში რეალიზაცია წარმოადგენდა.
უნივერსიტეტში სწავლამ დამარწმუნა, რომ აქტიური სტუდენტური ცხოვრებისათვის პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველივე წლიდან დავიწყე აქტიური სტუდენტური ცხოვრება, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში.
მაგალითად, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი იყო “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს’’. პროექტის ფარგლებში, მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი არტეფაქტების აღმოჩენა, მივაკვლიეთ მიცვალებულის საფლავსაც (მიცვალებულის ჩონჩხს).
ასეთი ტიპის პროექტები მონდომებული და განვითარებისაკენ მიმართული ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც ეძლევა.
როდესაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ერწყმის, ადამიანი საკუთარი საქმის სრულფასოვანი მცოდნე და პროფესიონალი ხდება.
მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელების შემდეგ, შევიძინე ის პროფესიული უნარები, რაც მომავალში ჩემი საქმის, იდეებისა და მიზნების განხორციელებაში დამეხმარება; ასევე, გავიაზრე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიის დაცვა და ჯერ კიდევ მიწის ქვეშ ჩამარხული, აღმოუჩენელი არტეფაქტებისა თუ ძეგლების ძიება, აღმოჩენა და შესწავლა.
პროექტების განხორციელების დროს განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობდი საკუთარი სამშობლოს მიმართ, თითოეული პროექტი, რომლის სრულუფლებიანი მონაწილე ვიყავი ჩემს ცხოვრებაში უძვირფასეს მოგონებად და გამოცდილებად დარჩება.