ბლოგები

როგორ შევარჩიოთ ნატურალური თაფლი?

ავტორი: კახა ნეფარიძე

ჩემი ფუტკართან ურთიერთობა უკვე 40 წელს ითვლის. მამაჩემიც მეფუტკრე იყო. ყოველთვის მასწავლიდა, რომ ფუტკართან მთავარი პირობა პატიოსნება იყო. მამა ამბობდა, თუ უღალატე, თვითონაც გიღალატებს და შესაძლოა სულ დაკარგოო.

მამა რომ გარდამეცვალა, 50 ოჯახი ფუტკარი გვყვავდა. მახსოვს ზამთარი იყო, მამას გამოსვენების დროს ჩვენს თავზე ფუტკარი შავი ღრუბელივით გამოჩნდა, ყველა გამოვიდა სკიდან და თავზე დაგვტრიალებდა, ერთგულ პატრონს გამოემშვიდობნენ. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ამ სანახაობას. რამდენიმე წუთის შემდეგ, ფუტკრები ისევ დაუბრუნდნენ თავის სკებს …


იმ დღიდან დამოუკიდებლად ავიღე პასუხისმგებლობა მამაჩემის დატოვებული ფუტკრების მოვლაზე. კიდევ მეტად შევიყვარე საქმე, ბევრი სიახლეც შევისწავლე და მეფუტკრეობა შემოსავლის წყაროდაც ვაქციე.

ფუტკრის მოვლა საკმაოდ რთული, საფრთხილო და საპასუხისმგებლო საქმეა, პირველი და მთავარი პირობა ისაა, რომ უნდა გიყვარდეს! მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიზნით,  ფუტკრის გამრავლება უბრალოდ გაუჭირდება ყველას. ასეა თაფლიც, მის ამოღებას დაწურვას შენახვას თავისი წესების დაცვა უნდა ,რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.

ზოგიერთი ადამიანი თაფლს, ყოველდღიურ საკვებად იყენებს, თუმცა უმრავლესობა სამკურნალოდ. ჩემგან ბევრი ადამიანი წამლის ფუნქციით ყიდულობს თაფლს. ამიტომაა საფრთხილო ეს საქმე  და ვფიქრობ დანაშაულია ფუტკრის არასწორად კვება და არასწორად მოვლაც.

ჩემი ფუტკრის თაფლი  მომხმარებელს მოსწონს. ვფიქრობ, ხარისხი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს. ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მყავს დაბინავებული სოფელში, სადაც არის სუფთა ჰაერი, მთა, მდინარე და მრავალფეროვანი ყვავილი.

ფუტკრის თაფლის შემოწმების მრავალი მეთოდი არსებობს, ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ყველაზე ეფექტური მასის ფორმულით შემოწმებაა.

ფიზიკიდან ვიცით, რომ თაფლის სიმკვრივე 1350 კგ/მ3 – ია, ფორმულა კი m=pv ერთი ლიტრი 10-3 მ3 -ია . ფორმულაში ჩასმის შემდეგ ვიღებთ, რომ ერთი ლიტრი მოცულობის თაფლის მასა თუ მას მინარევი არ აქვს, ქილის გარეშე უნდა იყოს 1,350 კილოგრამი. ერთი ლიტრი მოცულობის  ქარხნულ ქილას თუ ბოლომდე, (პირამდე ) გავავსებთ,  1,5 კილოგრამი ეტევა 

 მე კი ისე მაქვს გამომუშავებული  სურნელითაც მარტივად ვარჩევ თაფლის ხარისხს.

ნატურალურ თაფლებს შორისაცაა დიდი სხვაობები.

საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა არომატის თაფლს გვაძლევს ფუტკარი. კი ამბობენ, თრიალეთის ქედის თაფლი ყველაზე სასარგებლოაო, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მთავარია ნატურალური იყოს, დანარჩენი გემოვნებაზეა და იმაზე, თუ ვის რა დაავადების სამკურნალოდ სურს.

მინდა,  რომ ახალგაზრდები მეტად დაინტერესდნენ  მეფუტკრეობით. მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა შეიყვაროს ჩვენი პაწაწინა აფთიაქარები , მოუარონ და შემოსავალიც ჰქონდეთ. მე  კი მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას უსასყიდლოდ გავუზიარო რჩევები ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან.

დატოვეთ კომენტარი