ახალი ამბები

მეღვრეკისში ძალოსნობის დარბაზი იხსნება 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა საოკუპაციო ხაზთთან მდებარე სოფელში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა საკუთარი ძალებით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნების ეროვნულო ფედერაცია ავრცელებს. 

ფედერაციის ინფორმაციით, კახიაშვილმა საკუთარი ინიციატივითა და ფინანსური სახსრებით, მეღვრეკისში მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები შეიძინა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სარემონტო სამუშაოებშიც ადგილობრივებთან ერთად თავადვე მონაწილეობდა.

“მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ძალოსნობით ვარჯიშის მსურველები უკვე გამოჩდნენ.  დარბაზში, რომელიც ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ მოამარაგა, მიმდებარე სოფლებიდან 30 – მდე ბავშვი ვარჯიშობს, სადაც რამდენიმე გოგონაცაა. აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გარდა ოკუპაციის ხაზს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესსაც გამოიწვევს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კახიაშვილის თქმით, მოხარული იქნება თუ ცხინვალიდანაც ივლიან ახალგაზრდები, რომელიც სულ რაღაც 2 კილომეტრშია.  გარდა ამისა, მისი მიზანია, რომ ეს ბაზა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრებმაც გამოიყენონ, ასევე გაიმართოს შეჯიბრებებიც.

ინფორმაციისთვის,  მეღვრეკისი ერთ-ერთი სოფელია, რომელიც 2008 წელს იბომბებოდა და ახლა საოკუპაციო ხაზთთან ახლოს მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის არც გასართობი ცენტრია და არც რაიმე სახეობის სპორტული დარბაზი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები