ბლოგები

როგორ ვუნარჩუნებ მინდვრის ყვავილებს მარადიულ სილამაზეს?

ავტორი: ნათია კიკნაძე

უკვე 15 წელია, რაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ვაღიარებ, რომ ბევრად ადრე  მინდოდა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება, მაგრამ  არ იყო ადვილი, რადგან სკოლებს ვაკანტური ადგილები არ ჰქონდათ.  შემდეგ ვაკანსია გამოჩნდა იმ სკოლაში, სადაც დედა მუშაობდა ფრანგული ენის მასწავლებლად და ასე გავხდი მოქმედი მასწავლებელი.

დღეს უკვე წამყვანი მასწავლებელის სტატუსი მაქვს, ასევე USAID პროგრამის ლიდერი მასწავლებელი ვარ  და ვცდილობ განათლების სამინისტროს ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხო. 

სწავლა სწავლების პროცესში ძალიან მეხმარება შემოქმედებითი უნარები. ეს მიადვილებს მოსწავლეებს შევთავაზო სხვადასხვა აქტივობა მათთვის სახალისო, საინტერესო და ვიზუალურად ლამაზ ფორმატში. სასკოლო  ან საკლასო ღონისძიება იყოს გამორჩეული შინაარსით, დეკორაციით და ვიზუალით.

და რაც შეეხება ყვავილებს … 

ყვავილები ჩემში ყოველთვის იწვევდა სიხარულს, სინაზეს, ზრუნვის სურვილს. როცა გონებრივად ვმუშაობ, ან ვისვენებ, მაგ დრსაც კი ყვავილებს ვხატავ. თავისდაუნებურად ვამჩნევ ყვავილებს, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო. გული მწყდებოდა ყვავილი ჭკნობას რომ იწყებდა და სილამაზეს კარგავდა. 

თავდაპირველად მათზე ზრუნვა გამოიხატებოდა წიგნებში მათი სათუთად შენახვით.  ვფიქრობდი რომ ასე გადავარჩენდი. შემდეგ  ვნახე, რომ შეიძლებოდა ყვავილების ბოჭკოვან მინაში მოთავსება და რაიმე დეკორაციის გაკეტება. იმდენად მომნუსხა ამ ყველაფერმა, რომ გადავწყვიტე ღრმად ჩამეხედა ამ საქმეში, მესწავლა და მე თვითონ გამეკეთებინა. ყველა საჭირო მასალა და ყალიბი მოვიძიე.

ბოჭკოვანი მინა შევიძინე და  დავიწყე ყველაზე საინტერესო პროცესი, ეს იყო  წლების წინ ნაგროვები ყვავილების წიგნებიდან ამოყვანა და მზის სინათლეზე მათი დაბრუნება. (უკვე ვიცოდი, რომ ბოჭკოვან მინაში მოთავსებულებს, მზის სხივები ფერებს ვერ წაართმევდნენ). სახლში შენახული წიგნებიდან ყვავილები, რომ ამოვიღე, მათ თან  სურნელი ამოჰყვათ,  მახსოვს მაშინდელი ემოცია, სასწაული შეგრძნებები მქონდა.

შემდეგ უკვე კლასში, მოსწავლეებთან ერთად ამოვალაგე წიგნებიდან ყვავილები და ეს იყო  უკვე მოსწავლეების ხალასი ემოციებით გამდიდრებული და გამზაფრებული ჩემი ემოცია, ჯადოსნური წიგნიაო მასწავლებელო, მეუბნეოდნენ – უამრავ ყვავილს იტევდა ქართული ენის ძველი, თუმცა ჩემთვის საყვარელი გამოცემა.

როგორ ვაკეთებ?

ყალიბში ჯერ ვასხავ ბოჭკოვან მინას, შემდეგ ვიდრე მინა ოდნავ  შესქელდება, ვარჩევ ყავილებს და ვაწყობ მათ, წარმოვიდგენ თითქოს, ტყეა, ამ მინდორი და ისე ვალაგებ ყვავილებს, ფოთლებს, ბალახებს. შემდეგ ველოდები 12 საათი და ვასხავ, ვფარავ მეორე ფენით. თუ რამის დამატება მჭირდება,  ვამატებ და ა.შ. ბოლოს ვუკეთებ დამცავ ფენას და  6 დღეში უკვე  ნაკეთობა მზადაა.

მასალად  ვიყენბ ბოჭკოვან მინას და ბუნებრივ  ყვავილებს, ზოგჯერ რაიმე თვლებს, ან გლითერებს.

სად შეიძლება ნამუშევრების დათვალიერება?

ჩემი ნივთების რეალიზება და გაყიდვა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია “აწარმოე ქართული”.  

ასევე შევქმენი ჩემი გვერდიც: NATUSI.ნატუსი

დატოვეთ კომენტარი