“მოზაიკასთვის” ცნობილი ხდება, რომ სოფელ შინდისში 15 ტონიანი სასწორი ადგილობრივმა ბიზნესმენმა თვითნებურად გაყიდა. ფაქტის შესახებ გორის მერის წარმომადგენელმა კი, მერიას მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა და პოლიციაც ჩააყენა საქმის კურსში.
მირიან მაზმიშვილი სასწორის გასხვისებას გვიდასტურებს და ამბობს, რომ სოფლის კუთვნილი სასწორი, რომლის ღირებულებაც მინიმუმ 5 ათასი ლარია, ტყვიავში გაიყიდა.
მისი თქმით, როგორც მერიას, ასევე პოლიციას აცნობა ფაქტის შესახებ და ისიც უთხრა, თუ ვინ გაყიდა სასწორი, რომელსაც მთელი სოფელი იყენებდა.
“სასწორი წაიღო ალექსი თვალიაშვილმა და ამის შესახებ მე მერიას მოხსენებითი ბარათიც გავუგზავნე. ეს სასწორი გაყიდულია ტყვიავში. ამ პიროვნებასაც ვუთხარი, რატომ წაიღე-თქო, ეს ხომ სოფლისაა და ყველა იყენებდა-მეთქი, მაგრამ ამტკიცებს, ჩემია, ეკონომიკის სამინისტროსგან ვიყიდე რვა წლის წინო. არანაირი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია”, – ამბობს მირიან მაზმიშვილი.
“მოზაიკას” ინფორმაციით, ალექსი თვალიაშვილი, რომელსაც შინდისის გამგებელი სოფლის კუთვნილი სასწორის გაყიდვაში ამხელს, ადგილობრივი ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” აქტივისტია.
ჩვენი წყარო გვატყობინებს, რომ თვალიაშვილმა გორის მერიის მაღალჩინოსნებს სთხოვა მასთან დაპირისპირებაში მყოფი გამგებელი სამსახურიდან გაუშვან.
მირიან მაზმიშვილი ვარაუდობს, რომ მას ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.
“მე არ ვიცი, მან მიჩივლა თუ არა მერიაში, მაგრამ რაღაც ეგეთი წამოვიდა, ხელშეკრულებას სავარაუდოდ აღარ მიგრძელებენ. ჯერ ვმუშაობ იგივე პოზიციაზე, მაგრამ 3 თვის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. სოფელი ითხოვს ამ სასწორის დაბრუნებას, ყველა იყენებდა. პოლიცია მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში, დაახლოებით 2 თვის წინ მოხდა ეს ამბავი და ჯერ რეაგირება არ არის”, – აცხადებს გორის მერის წარმომადგენელი.