ადამიანები ისტორიები

ჟურნალიტი, პროზაიკოსი, პედაგოგი – გრიგოლ ყიფშიძე ქარელიდან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერში 1858 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი, პროზაიკოსი და პედაგოგი გრიგოლ ყიფშიძე.

სკოლის დასრულების შემდეგ, ის სწავლობდა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სასულიერო სემინარიაში და ბოლოს პეტერბურგის უნივერსიტეტიც დაასრულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გრიგოლი მასწავლებლად მუშაობდა წრომსა და ახალქალაქში.

ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომელი და ბიოგრაფი იყო. 1882-85 წლებში მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში საქმის მწარმოებლად და ლიტერატურულ-კრიტიკულ თეატრალურ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „დროებაში“, „იმედში“ და „მოამბეში“. მისი თხზულებების უმთავრეს თემას ქართლის სოფელი, გლეხობის ყოფა, სოფლის მასწავლებლის მდგომარეობა, სახალხო განათლება წარმოადგებდა. სოფლის სიდუხჭირე ასახა მხატვრულ ქმნილებებშიც “ერთი მიცვალებულის ბედი”, “ერთი ღამე თოვლქვეშ”, “ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ”, “ძალიან დღეობა კი იყო, ის დალოცვილი”.

გრიგოლ ყიფშიძემ, 1908 კირიონთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი “ქართული სიტყვიერების თეორია”, რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა. მას ასევე ნათარგმნი აქვს ჰენრიკ სენკევიჩის “ცეცხლითა და მახვილით”, პოლ ბურჟეს “ანდრე კორნელი”, ედმონდ დე ამიჩის “კარმელა”, ფრანსუა კოპეს “იაკობელები”, მატილდა სერანოს “ამბავი სიყვარულისა”, დე-ვო-გუეს “მართლმსაჯულები”, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი”.

გრიგოლ ყიფშიძე გარდაიცვალა 1921 წლის 13 ნოემბერს და მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.