ისტორიები

აფხაზეთის ომის გმირი ხაშურიდან – შალვა მარკოზაშვილის ისტორია

ხაშურში ერთ-ერთი ქუჩა შალვა (შაკო) მარკოზაშვილის სახელს ატარებს. ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და 23 წლის ასაკში დაიღუპა.

შაკო მარკოზაშვილი ხაშურში, 1970 წელს დაიბადა. სწავლობდა ხაშურის მე – V საშუალო (რუსულ) სკოლაში.

“დადიოდა ქალაქში თვალანთებული და ლამაზი ჭაბუკი და შეჰხაროდა ქვეყანას. ეროვნულ მოძრაობაში ერთერთი პირველთაგანი ჩაება, როგორ ეამაყებოდა, რომ მასზე უფროსებმა თანატოლივით მივიღეთ. პირველი სერიოზული მჯდომარე აქცია რომ მოვაწყვეთ, უყოყმანოდ დადგა ჩვენ გვერდით. რამდენჯერმე დავუშალეთ, ახალგაზრდაა და, ვაითუ, გამოცდას ვერ გაუძლოსო. გაუძლო”.

აფხაზეთის ომში წასვლამდე, შალვა სპორტით იყო დაკავებული. უყვარდა ფეხბურთი და ცოტა ხნით ხაშურის “ივერიაში” თამაშობდა.

შაკო 90 -იან წლებში აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. ის ხაშურში წმინდა ილია მართლოს საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო. მონაწილოებდა თბილისში, მთავრობის სახლის წინ გამართულ 1989 წლის 4-9 აპრილის აქციებში.

1992 წლის 17 დეკემბერს, შაკო გორში ჩავიდა და „ავაზას“ ბატალიონში ჩაირიცხა, სადაც აფხაზეთში წასასვლელად ეწერებოდნენ მოხალისეები. ახლობლების გადმოცემით, მშობლები წინ აღუდგნენ შაკოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი პასუხი შეუვალი იყო:

“როცა გაიზრდებიან, რა ვუთხრა ჩემს შვილებს, რას ვაკეთებდი ომის დროს. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და უკან არაფერზე დავიხევ“.

1993 წლის 26 იანვარს შაკო და მისი ნაწილი აფხაზეთში გადაიყვანეს. ის პირველივე დღიდან ჩაება საბრძოლო მოქმედებებში.

1993 წლის 2 თებერვალს შაკო, ხუთ თანამებრძოლთან ერთად, სატვირთო ავტომობილით სამხედრო დავალების შესასრულებლად წავიდა. იგი ავტომობილის სალონში, მძლოლის გვერდით იჯდა, თუმცა ერთ-ერთ თანამებრძოლს ადგილი გაუცვალა და ავტომობილის ძარაზე გადაინაცვლა. სწორედ ამ დროს აფეთქება მოხდა, ძარაზე მყოფი შაკო და მისი სამი მეგობარი ადგილზე გარდაიცვალნენ. სალონში მყოფნი კი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. შვილის დაღუპვიდან ორმოცი დღის შემდეგ, შაკოს მამამ აფხაზეთს მიაშურა და სამი თვე იბრძოლა იმ ნაწილში, სადაც მისი შვილი მსახურობდა.

აფხაზეთის ომში იბრძოდა შაკოს ძმაც, რევაზ მარკოზაშვილიც. მას სამჯერ მოუწია იქ ჩასვლა, მაგრამ ძმები ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.წლების შემდეგ, ქალაქის ხელმძღვანელობამ შაკო მარკოზაშვილის მეგობრების ინიციატივით, იმ ქუჩას, სადაც შაკო ცხოვრობდა, მისი სახელი მიანიჭეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.