საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლის, ელგუჯა კედელაშვილის, გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს.