ბლოგები

“ვერ მივდივარ სოფლიდან, ეს მიწა და ხალხი მიყვარს” – ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზიდან

ავტორები: სოფო ასკილაშვილი, დოდო კუთარაშვილი

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები ნელ-ნელა მოსახლეობისგან იცლება. თვალშისაცემი მიგრაციის მიუხედავად, ადგილზე რჩებიან ახალგაზრდები, რომლებსაც იქაურობა უყვართ და ამბობენ, რომ ოკუპაციის პირობებში, მშობლიური სოფლის დატოვება არ შეუძლიათ.

ანა ჯალაბაძე, ქორდიდან

“სულ სხვა იყო ცხოვრება 2008 წლამდე და სულ სხვაა ცხოვრება ომის შემდეგ. ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე რთული კი, რასაც შეუძლებელია შეეგუო, ყოველ დღე საოკუპაციო ხაზის ყურებაა. იმის დანახვა, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის ეს ის ტერიტორიებია, სადაც ჩვენი ახლობლები ცხოვრობენ, რომლებთან ურთიერთობის საშუალებაც წამართვა ამ ომმა. მონატრება და ბრაზი ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი ემოციებია. გვინდა, ამ რეალობის შეცვლა და ცხოვრება მავთულხლართის გარეშე”. 

ლუკა ჯალაბაძე, ქორდიდან 

“ცხოვრება ერთფეროვანია. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. თითქოს ყოველთვის ასეც იყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს ერთფეროვნება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. მე პირადად ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს მიწები პირადად მე, ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს წაართვეს და ყოველდღე ვუყურებთ, ამ წართმეულ მიწა-წყალზე როგორ დადიან აგრესორები.

ამ მდგომარეობაში, საუკუპაციო ხაზთან ცხოვრება გმირობის ტოლფასია – ყოველი დღე თენდება შიშით და იმაზე ფიქრით, ხვალ რა და როგორ შეიძლება იყოს. მე მართლა მეამაყება, რომ ამ სოფლის მკვიდრი ვარ და ასეთი თანასოფლელები მყავს – ხალხი, ვინც აქ ცხოვრებით, აქ დარჩენით საკუთარ მიწას იცავს ყოველდღიურად.”

მარი ცეცხლაძე, წითელუბნიდან

” ყოველდღე გიწევს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება აქაურობის დატოვება მოგიწიოს. შიში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამ შიშის გამოა, რომ ადამიანები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. სალოცავშიც კი ვერ მიდიან. ჩემი სახლი საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრშია. ვხედავ, როგორ იტაცებენ მათ, ვინც კი საკუთარ ნაკვეთში გადასვლას დააპირებს.

ძალიან მინდა, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც წაგვართვეს, ისევ ჩვენი იყოს. სოფლის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებ. ჩემთვის, ჩემი სოფელი და ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, ძალიან ძვირფასია. ჩემი ბავშვობა და ყველა ტკბილი მოგონება მათთან ასოცირდება.”

ნათია ქუჯოშვილი, აძვიდან

სულ რომ სასიხარულო მიზნით ვტოვებდე სახლს, მაინც სულ იმაზე ვნერვიულობ, რამდენად შევძლებ უკან დაბრუნებას.  ახლაც მეშინია თვითმფრინავების ხმის. ძალიან რთულია იცხოვრო იქ, სადაც არ იცი გაიღვიძებ თუ არა. სულ ვგრძნობთ, რომ ოკუპანტები გვითვალთვალებენ. იჭერენ და იტაცებენ ჩვენს მეზობლებს. ყველანაირად ცდილობენ შეგვზღუდონ და აქედან წასვლა გვაიძულონ, მაგრამ ეგ არ მოხდება. მით უმეტესს, რომ ჩვენი მხარე მდიდარია ისტორიითა და კულტურული ფასეულობებით. მე მიყვარს ეს ისტორია და არ ვაპირებ სოფლიდან წასვლას. ჩემი სამომავლო გეგმები მაქვს. ვგეგმავ რომ, დავეხმარო ჩემს სოფელს განვითარებაში და ერთ დღეს “mcdonald’s”-იც კი გავხსნა.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი