სტატიები

ქორდი – სოფელი საძოვრების გარეშე, სადაც ხალხი პირუტყვს მასიურად ყიდის

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

“სოფელში რომ ცხოვრობ, სირცვილი არაა, რომ საქონელი არ გყავს?!”

ქორდში ოჯახები საქონელს მასიურად ყიდიან, რადგან სოფელს საძოვრები აღარ აქვს. 

ერთ-ერთი, ვინც პირუტყვი უკვე გაყიდა, ქეთევან ბადაშვილია. შუახნის ქალი გვეუბნება, რომ მის სოფელში ნახირი უკვე აღარ არსებობს.

“როცა საძოვარი იყო, ნახირიც იყო და პირუტყვის მოვლა არ გვიჭირდა, მაგრამ რაც საძოვრები აღარ გვაქვს, აღარც ნახირია და შესაბამისად, როგორც სხვებმა, მეც ავდექი და გავყიდე. აბა, ამხელა ქალს როგორ უნდა მედევნა საქონლისთვის აქეთ-იქით”, – ამბობს ქეთევანი. 

როგორც ის და მისი მეზობლები გვიყვებიან, წლების წინ სოფელს რამდენიმე საძოვარი ჰქონდა, თუმცა ისინი სახელმწიფომ გაყიდა და ადგილობრივებისთვის ალტერნატიული ფართი პირუტყვის საბალახოდ აღარ გამოყო. 

“უსაფრთხო ადგილი, სადაც მიიყვან საქონელს საბალახოდ, აღარ არსებობს. ბოლო ორი წელია, რაც ეს ვითარებაა. ორი ვარიანტი აქვს ხალხს – ან საკუთარ ბაღებში უნდა აძოვონ ან საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა მინდორი და იქ წაიყვანონ. იქ მისვლა კი საშიშია და ყველა ერიდება. არც ყოველდღე საქონლის ბაღში ტარებაა მარტივი და ამიტომ ყიდის ხალხი პირუტყვს”, – გვეუბნება სოსო ჯალაბაძე.

მისი თანასოფლელები იმასაც ამბობენ, რომ საძოვრის უქონლობის გამო, სასაფლაოს ტერიტორიაც დაბინძურდა, რადგან საფლავების მიღმა მინდორია, რომელსაც ის ოჯახები, რომლებმაც პირუტყვი არ გაყიდეს, საძოვრად იყენებენ. 

“ეს ყველაფერი უთანხმობასაც იწვევს, რადგან არ მოსწონს ხალხს პირუტყვს რომ სასაფლაოზე აძოვებენ. მოკლედ, სოფელს საძოვარი რომ არ აქვს, ჭირს პირუტყვის ნორმალურად მოვლა და ამიტომაც ყიდის ხალხი საქონელს”, – გვითხრა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.  

ქორდელების თქმით, საძოვრების პრობლემის გაჩენამ ბევრ ოჯახს ახალი საფიქრალი და სადარდებელი გაუჩინა, რადგან ადამიანებისთვის მესაქონლეობა თავის რჩენის ერთ-ერთი საშუალება იყო. 

“საქონელი როცა მყავდა, მქონდა რძის ნაწარმი. ეგ მაინც არ მიჭირდა. ახლა აღარც საქონელი მყავს, აღარც რძე, მაწონი და ყველი და ამ ყველაფრის შეძენაც მიჭირს, რადგან ყველაფერი ძალიან არის გაძვირებული”, – გვეუბნება ქეთევან ბადაშვილი. 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საძოვრის გამოყოფის შემთხვევაში, ადამიანები საქონელს კვლავ იყოლიებენ. 

აღსანიშნავია, რომ სოფელი ქორდი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.