სტატიები

ქვემო ჭალაში, საოკუპაციო ხაზთან 121 კოტეჯს ააშენებენ – ვინაა ინვესტორი?

სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო ხაზთან, ფეშენებელური სააგარაკე კომპლექსი აშენდება. საინფორმაციო ბანერის მიხედვით, გამყოფი ხაზიდან 3 კილომეტრში 121 კოტეჯი უნდა აშენდეს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უკვე დაგებულია და სამუშაოების დამკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის მერია იყო.

სპეცტექნიკა ამ დრომდე, იმ ტერიტორიაზე მუშაობს, სადაც წლების წინ სასაქონლე მეურნეობა იყო. სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ პროექტს უცხოელი ინვესტორი კომერციული მიზნისთვის ახორციელებს.

ადგილობრივების უმრავლესობას სააგარაკე კომპლექსის მშენებლობაზე საუბარი არ სურს. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, ლევან გახელაძეა, რომელსაც პროექტი ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს.

“ცხადია, შესაძლებელია იმის დაშვება რომ პროექტი წმინდად კომერციულია – მშენებელი ააშენებს აგარაკებს და შემდეგ მსურველებზე გაყიდის. მაგრამ… გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რამდენი მეტნაკლებად შეძლებული ქართველი გეგულებათ რომელიც მზადაა აგარაკი შეიძინოს საოკუპაციო ზოლიდან ერთ კილომეტრში, რუსული სამხედრო ქვედანაყოფის დისლოკაციიდან ყურის ძირში? სადაც მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო ადამიანებისა და პირუტყვის გატაცება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია? ბუნებრივად ჩნდება ეჭვი რომ დასახლება იმათთვის იქნება მიმზიდველი ვინც ამ პირობებში თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, მაგალითად რუსი ექსპატებისათვის”, – წერს გახელაძე სოციალურ ქსელში.

ვინ ახორციელებს პროექტს საოკუპაციო ხაზთან, სადაც უსაფრთხოების გარანტიები არ არის დაცული?

ჩვენ ამ კითხვით კასპის მერის წარმომადგენელს ქვემო ჭალაში, სტეფანე მესროფაშვილს მივმართეთ. გამგებელი ამბობს, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ ის იცის, რომ ადგილზე კოტეჯების აშენება იგეგმება.

“ადრე სასაქონლო მეურნეობა იყო. მერე როგორც ჩანს, მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა და ახლა კოტეჯები უნდა აშენდეს. მშენებლობამდე ბეტონის გზაც დააგეს. ვინ აშენებს, მე არ ვიცი”

საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ კასპის მერიაში.

მუნიციპალიტეტის პირველ პირს ვახტანგ მაისურაძეს კითხვა პროექტის თაობაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი შარიფაშვილმა დაუსვა, რომელმაც კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

“მერმა ჩემს კითხვას ამომწურავად ვერ უპასუხა. მხოლოდ ის თქვა, რომ კასპის მერიას მშენებლობის ნებართვა არ გაუცია და საკითხს შეისწავლის. ჩვენი ინფორმაციით, ამ პროექტის უკან სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, მიხეილ ფრიდმანი დგას და ეს ადრე თუ გვიან, მაინც გაცხადდება”, – ამბობს შარიფაშვილი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება, ორ პირს ეკუთვნის, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.